ოზურგეთის სარაგბო კლუბის, “არწივების“ მთავარი მწვრთნელი გოჩა კალანდაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს ორი თვეა ხელფასი არ ერიცხებათ და ამის მიზეზი მათთვის ცნობილი არ არის.
მისივე თქმით, დიდი მცდელობის მიუხედავად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისგან პასუხი ვერ მიიღეს.
“ორი თვეა ა(ა)იპ “რაგბის განვითარების კავშირის“ 9 თანამშრომელს არ მიგვიღია კუთვნილი ხელფასი. ასევე, “არწივების“ წევრებს _ ერთი თვის ხელფასი. რა არის მიზეზი, რის გამო არ გვეძლევა ხელფასი, ამაზე პასუხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისგან არ გვაქვს. მერი არ გვპასუხობს. შემდეგ გადაწყდა, რომ შეხვედრა უნდა გვქონოდა მის მოადგილესთან ალექსანდრე სურგულაძესთან, მაგრამ შემდეგ არ შედგა ეს შეხვედრა. მიზეზი კი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იყო. მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოგვიგზავნა, რომ ერთ კვირაში გაირკვეოდა ჩვენი ხელფასების ამბავი.
თებერვალში, ერთ-ერთ თამაშზე არ მივდიოდით, რადგან ხელფასი არ ჰქონდა ბიჭებს ჩარიცხული და ამის შესახებაც საქმის კურსში ჩავაყენეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე. მაშინ მხოლოდ მოთამაშეებს ჩაურიცხა კუთვნილი ხელფასი. ყველამ კარგად ვიცით, რა მდგომარეობაა, ბანკებმა სამი თვით გადაავადეს სესხები და იმის მაგივრად, რომ მერმა კუთვნილი ხელფასი დაგვირიგოს, ჩვენთან კონტაქტზე არ გამოდის და საშუალებას არ გვაძლევს, რომ ელემენტარულად ვიარსებოთ. 90%, ვინც “არწივებშია“ ამ ხელფასებზეა დამოკიდებული.
ჩვენი ბიუჯეტი არის დამტკიცებული და ელემენტარულია, რომ ხელი მოაწეროს ხელფასების ჩარიცხვაზე, მაგრამ არ აკეთებს და არც არაფერს გვეუბნება“, _ გვითხრა გოჩა კალანდაძემ.
“გურია ნიუსს“, ასევე, მიაწოდეს წერილი, რომელიც 19 მარტს არის გაგზავნილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე შარაშენიძის სახელზე.
“ორი თვეა, როგორც თქვენთვის ცნობილია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “რაგბის განვითარების კავშირს“ 2020 წლის თებერვლის თვის სახელფასო უწყისით გათვალისწინებული თანხები სრულად არ მიგვიღია. წარმოდგენილი გვაქვს, ასევე, შესათანხმებლად ახალი საშტატო განრიგი, რომელიც შედგენილი იქნა გუნდის პოტენციალის უკეთედ გამოყენების, მობილური და ეფექტური მენეჯმენტის ფორმირების მიზნებიდან გამომდინარე, მაგრამ, სამწუხაროდ, აღნიშნულთან მიმართებაშიც არ ჩანიშნულა შეხვედრა წარმოდგენილი საკადრო პოლიტიკის განხილვით მიზნით.
ამ ეტაზე წარმოგიდგენთ მარტის თვის სახელფასო უწყისებს დღეს მოქმედი საშტატო განრიგის მიხედვით, ამასთან გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს თებერვლის სახელფასო დავალიანების გასწორება/დაფარვა. ამასთან ერთად, გთხოვთ, უახლოეს მომავალში ჩანიშნოთ შეხვედრა ჩვენ მიერ წარმოდგენილი ახალი საშტატო განრიგისა და დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვის მიზნით“, _ წერილს ხელს აწერს რაგბის განვითარების კავშირის დირექტორი თენგო კალანდაძე.
“გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, ალექსანდრე სურგულაძეს დაუკავშირდა.
“შემიძლიათ გითხრათ, რომ ეს საკითხი ამ კვირაში გადაიჭრება და მოგვარდება“, _ გვითხრა ალექსანდრე სურგულაძემ.