ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი, 5 მცირეწლოვანი შვილის დედის, ცირა ალიხანაშვილის 11 წლის ქალიშვილს, ანანო ნაჭყებიას გურული დღიურების ფონდმა სტიპენდია დაუნიშნა. ამის შესახებ დღეს სოციალურ ქსელში მწერალმა გიორგი კეკელიძემ გაავრცელა ინფორმაცია.
გარდაცვლილი ქალბატონი, 34 წლის ცირა ალიხანაშვილი, დაახლოებით, ერთი თვის წინ ესპანეთში, მეუღლესთან ერთად, სამკურნალოდ გაემგზავრა, სადაც ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა და გარდაიცვალა.
სოციალურად დაუცველი ოჯახი სამტრედიაში, ჩოლოყაშვილის 33 ნომერში, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ვინაიდან ვერ მოხერხდა ესპანეთიდან საქართველოში ახალგაზრდა ქალის გადმოსვენება, ცირა ალიხანაშვილი გუშინ უცხო მიწაზე დაიკრძალა.
გურული დღიურების ფონდის მიერ 11 წლის ანანოსთვის სტიპენდიის დანიშვნას სამტრედიაში სიხარულით შეხვდნენ. ანანოს პედაგოგები თვლიან, რომ სწავლასმოწყურებულ გოგონას სტიპენდია ნამდვილად სასიკეთოდ წაადგება.
გიორგი კეკელიძის დაპირებით, ფონდი ანანოს სასკოლო სახელმძღვანელოებსაც შეუძენს.
#გურულიდღიურებისფონდი #გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze