ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გაკეთებული გზავნილისთვის მადლობა გადაუხადა.
განცხადება „ტვიტერზე“ ტედროს გებრეიესუსის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ქართველი ხალხისადმი და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის, რომლითაც ის ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გამოვიდა. ჩვენ ერთად ვიბრძვით „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც მან გლობალურ პანდემიაზე გაამახვილა ყურადღება. „ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომით და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ გამოწვევასაც დავძლევთ, გავიმარჯვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ჩვენ კი გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახსა და ახლობლებს. გავუფრთხილდეთ ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის“, – აღნიშნულია გიორგი გახარიას 7 აპრილის განცხადებაში.