გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესზე მთავარი მოწმეები – შსს-ს PR სამსახურის ყოფილი უფროსი, გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, ზურაბ მიქაძე დაიკითხნენ.
2019 წლის ნოემბერში სწორედ გურამ დონაძის და ზურაბ მიქაძის ჩვენებების მიხედვით განახლდა ე.წ. ბუტა რობაქიძის საქმის გამოძიება და ირაკლი ოქრუაშვილს წარედგინა ახალი ბრალი – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ბრალდება 16 წლის წინანდელ გახმაურებულ სპეცოპერაციას უკავშირდება, როდესაც ოქრუაშვილს შს მინისტრის პოსტი ეკავა – 2004 წლის 24 ნოემბერს პატრულის მიერ გასროლილი ტყვიით 19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძე გარდაიცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი სხდომა მედიის და ობიექტური დამკვირვებლების გარეშე, მხოლოდ მხარეების მონაწილეობით ჩაატარა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორს და პროცესით დაინტერესებულ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ.
ადამიანის უფლებათა ცენტრი აპროტესტებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გაუმართლებელ პრაქტიკას, როდესაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მომიზეზებით, მოსამართლეები თვითნებურად და უკანონოდ ხურავენ სასამართლო პროცესებს. ამავე დროს, თვალსაჩინოა არაერთგვაროვანი მიდგომა – ორგანიზაციის მონიტორს ორი დღის წინ უფლება მიეცა, დასწრებოდა ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე მეორე სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესს, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა ასეთი განსხვავებული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები აჩენს ეჭვს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეთა განხილვას სასამართლო ტენდენციურად და მიკერძოებულად წარმართავს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების სასამართლო სხდომებზე დასწრების აკრძალვით უხეშად ირღვევა სასამართლო პროცესების ღიაობა და საჯაროობა. სასამართლო სხდომების სრული ან ნაწილობრივი დახურვის პრაქტიკა ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის პრინციპს და საფრთხეს უქმნის პირის უფლებას, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით.
საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებულია სასამართლო პროცესების დისტანციური წესით გამართვა, რაც ამ პროცესების სრულად ან ნაწილობრივ დახურვას არ გულისხმობს. პროცესების დისტანციურად გამართვის პირობებში, მასში მხარეთა მონაწილეობის გარდა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროცესით დაინტერესებული საზოგადოების (მათ შორის – მონიტორების) შეუფერხებელი დისტანციური წვდომა ინტერნეტარხებით (როგორიცაა – YOUTUBE, ZOOME…) ან სასამართლოს ვებ-გვერდზე უზრუნველყოფილი ლაივ-სტრიმინგით.
მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პირველად შეზღუდა ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორის დაშვება სასამართლო პროცესზე, ორგანიზაციამ წერილობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა დაუშვას ცენტრის მონიტორები სასამართლო სხდომებზე. ამ მიმართვიდან უკვე 10 სამუშაო დღეზე მეტია გასული, მაგრამ სასამართლოს წერილზე ჯერჯერობით არ უპასუხია.