ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ გვარაში 60 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაცია ორი დღის წინ გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის დადასტურებამდე მის სანახავად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ნასაკირალში მცხოვრები ნათესავები იმყოფებოდნენ.
„გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორი, მაია ქუტიძე ამბობს, რომ არცერთი მათგანი 60 წლის ქალის საცხოვრებელ სახლში არ ჩასულა.
„ნასაკირალში მცხოვრებნი იმყოფებოდნენ ბათუმში 4 აპრილს და შემდეგ გადაწყვიტეს გზად ნათესავი მოენახულებინათ, მაგრამ, ისინი ეზოში, არ ჩასულან, რადგან ოჯახის ერთ-ერთი წევრიდან გაიგეს, რომ 60 წლის ქალს აღენიშნებოდა სიცხე. როდესაც, ეს ამბავი მოხდა, აღნიშნულ ქალს კორონავირუსი დადასტურებული არ ქონდა. ახლა ორი ოჯახი არის თვითიზოლაციაში და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება. არცერთ მათგანს არ აქვს სიცხე,“ _ გვითხრა მაია ქუტიძემ.