,,უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა, შესაძლოა, ერთადერთი იარაღი იყოს, რომელიც მსოფლიოს ნორმალური ცხოვრების რეჟიმში დააბრუნებს, გადაარჩენს მილიონობით ადამიანის სიცოცხლესა და ტრილიონობით დოლარს“, _ ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა. ინფორმაციას France-24 ავრცელებს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა მსოფლიო ქვეყნებს გლობალური ვაქცინის შექმნის მიზნით გლობალური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
„ამბიციური ძალისხმევა გვჭირდება, რომ საერთაშორისო მოთამაშეების ჰარმონიული, ინტეგრირებული მუშაობა უზრუნველვყოთ, რათა ვაქცინა სწრაფად, 2020 წლის ბოლოსთვის შეიქმნას“, _ განაცხადა გუტერეშმა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, ამ დროისთვის, კორონავირუსით 2 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 134 669 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.