სლოგანით _ „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რაიონულ ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტებში სისხლის უანგარო დონაცია გრძელდება.
როგორც პარტიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პირველივე დღიდან შეუერთდა.
როგორც ირკვევა, სისხლის უანგარო დონაციის აქცია დღეს ლანჩხუთის პარტიულ ოფისში მიმდინარეობს, რასაც საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები, პროფესიით ექიმები _ ლელა ჩახვაძე და კახა ასკურავა, პანდემიის პირობებში საშიშად მიიჩნევენ.
„გურიის ე.წ. „მწვანე ზოლად” დარჩენა ვინმეს ყელზე ხომ არ დაადგა? დაუჯერებელია სისხლის აღება და ჩაბარება „ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ოფისში, გაგანია პანდემიის დროს. თან ,,ცისფერსისხლიანები” არიან თქვენი მხარდამჭერები? (სხვებისგან არ იღებენ)
რამხელა რისკია, ვინმე თუ აცნობიერებს, ან დონორის სისხლის ვარგისობას ვინ ამოწმებს?“ _ ამბობენ საკრებულოს წევრები.
„ოცნებისვე“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სისხლის უანგარო დონაციის აქციები გაიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის, ზუგდიდის, აბაშის, მცხეთის, ქარელის, ხაშურის, კასპის, გორის, დუშეთის, ბორჯომის, ხარაგაულის, თერჯოლის, ყვარლის, ლაგოდეხის, დედოფისწყაროს, თელავის, ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ასპინძის რაიონულ ორგანიზაციებში.
აქციის ფარგლებში სისხლი გაიღეს მხარის გუბერნატორებმა, მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა და თანამშრომლებმა, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციების წევრებმა, აქტივისტებმა და მოხალისეებმა.