შუხუთის კოლორიტი, მჭედლების ტრადიციული ოჯახის ღირსეული მემკვიდრე დღესაც ჩვეული შემართებით შრომობს. ახლა მოტობლოკის ნაწილებსაც არემონტებს _ თანამედროვეობასაც სჭირდება მჭედელი. თოხებსა და ნალებსაც აკეთებს, სოფლის საჭიროებებს ემსახურება.
1977 წლიდან მარტო მუშაობს, ახლა შეგირდს ეძებს, ვისაც რკინის საიდუმლოებებს შეასწავლის და ხელობას გადასცემს, თვითონაც გვერდით დაუდგება და ტრადიციას ერთად გააგრძელებენ.
დურსუნის შვილიშვილები თბილისში რკინის ჭედურობის და ჩუქურთმების სახელოსნოში უკვე სასწაულებს ახდენენ. მათი ნაკეთობები აშშ-ში ექსპორტზე იგზავნება. ბაბუის ნასწავლი საიდუმლოებები განავრცეს და რკინის გამოჭედვა ხელოვნებად აქციეს.
ერთზე წყდება გული დურსუნ ბაბუას, რომ აქ ჯერ ვერ იპოვა შეგირდი, რომელიც გვერდში ამოუდგება და ერთად იშრომებენ. იქნებ ახლა დადგა ზუსტად ის დრო, როცა სოფელს ახალი სიცოცხლე შევძინოთ. სოფელი და სამჭედლო კი განუყოფელია, ჩვენ ხომ ძველი ხალიბების შთამომავლები ვართ…