ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ დვაბზუში არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ ოფისი გაქურდეს – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქეთევან ხიდაშელი წერს.
ქეთევან ხიდაშელი ორგანიზაციის ხელმძღვანელია და ამ დროისთვის ის იტალიაში იმყოფება.
„6 წელია რაც ოფისი სახლიდან გავიტანე, ამ 6 წლის განმავლობაში რამდენი სასიკეთო რამ გაკეთდა ადამიანებისთვის, რამდენმა ჩვენი სოფლის მკვიდრმა მიიღო ჩვენი ორგანიზაციიდან სიკეთეები. ჰოდა ფანჯარა კიარადა კარიც რომ გვრჩებოდა ღია, არავის უჩნდებოდა ჩვენი ოფისის გაქურდვის სურვილი . დღეს, როცა მთელი მსოფლიო ამ საშიში და მომაკვდინებელი პანდემიის წინაშე კანკალებს, ოფისიდან გატანილი კომპიუტერული ტექნიკა რა მოსატანია, მაგრამ თქვენს მაგივრად მე მრცხვენია…. რა სიმდაბლეა…. დარწმუნებული ვარ მალე დაიჭერენ ქურდს და როგორ არ მინდა ვინმე ნაცნობი აღმოჩნდეს , აი ძალიან არ მინდა..“– წერს ქეთევან ხიდაშელი ფეისბუქზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში “გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.