ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულ კომპანიას, ამერიკელ ინვესტორებს აქვთ სურვილი, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, გააფართოვონ ინვესტიციები საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთან არსებული საინვესტიციო გარემო არის ძალიან მიმზიდველი სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებისთვის, მათ შორის, ამერიკელებისთვისაც“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, დღეს მთავრობის სხდომაზე ამერიკული ინვესტიციით გურიაში, ბახვი ჰესის მცირე ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი განიხილეს და მოიწონეს. მინისტრის განცხადებით, ბახვი ჰესი, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აშენდება, 12 მგვტ დადგმული სიმძლავრის იქნება. მისი თქმით, პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჰესის ამოქმედების შედეგად, ქვეყნის ენერგოსისტემა ადგილობრივი წარმოების ელექტროენერგიას მიიღებს და სულ მცირე 20 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება, არამედ იმითაც, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ამერიკელი ინვესტორები საქართველოში ინვესტიციებს აფართოებენ.