3 %-იანი ჯგუფები არიან და კონკურენციის გაწევის შანსი რომ არ აქვთ, იციან, ამიტომ ახლა მიმართავენ იმ ცირკს, რომ არ სურთ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა, _ ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
“ამ ჯგუფებმა რა ტიპის კანდიდატთან დაკავშირებითაც არ უნდა ისაუბრონ, ეს მიდგომა მათი მხრიდან არის არასერიოზული. მათ არ წარმოუდგენიათ არავითარი ხედვა, არანაირი ღირებულებითი ერთიანობა მათ არ აკავშირებთ. გავიგეთ და ჩვენმა საზოგადოებამ იცის ის, რომ ეს არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქოლგის ქვეშ არსებული დესტრუქციული ჯგუფები და გავიგეთ, რომ ამ ყველაფერს ჰქვია თავის სახელი – “ნაციონალური მოძრაობა” – შესაკრებთა გადანცვლებით ჯამი არ იცვლება. შესაბამისად, არასერიოზულია, რომ პრემიერ- მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით დაიწყეს საუბარი. ჯერ ხედვა გაუზიარონ საზოგადოებას და რა ღირებულებები აერთიანებთ, რა სტრატეგიას სთავაზობენ ამომრჩეველს, შემდეგ არჩევნებზე მოვიდნენ და კონკურენცია გასწიონ, თუმცა 3 %-იანი ჯგუფები არიან და კონკურენციის გაწევის შანსი რომ არ აქვთ, იციან, ამიტომ ახლა მიმართავენ იმ ცირკს, რომ არ სურთ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა და იყენებენ საბაბად სხვადასხვა საკითხს. არასერიოზულია ასეთი სცენები,”– განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.