სფფ-ის მაღალჩინოსნებმა ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში გურიის საფეხბურთო აკადემიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა კახა ჭუმბურიძემ და ნიკოლოზ ჯღარკავამ ლანჩხუთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესა და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანთან ერთად გურიის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა დაათვალიერეს, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა.
გურიის საფეხბურთო აკადემიის შესახებ სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა: “საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე რეგიონში უკვე გვაქვს აკადემია.
მოკლე პერიოდში მათ რიცხვს ეს აკადემიაც შეემატება, რომელიც გურიისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. 13-დან 14 წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ ივარჯონ და ისწავლონ. ჩვენ მათ ყველა პირობას შევუქმნით იმისთვის, რომ განვითარდნენ” – განაცხადა კახა ჭუმბურიძემ.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს სამუშაოები. დაწყებულია ეზოს კეთილმოწყობა და გარეგანათების პროექტის განხორციელება. მიხარია, რომ ბევრი ბავშვისთვის ეს მოტივაციას გაზრდის. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება” – აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.
პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. აკადემიის გუნდებთან ერთად საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები ისარგებლებენ.
წყარო: “გურია თუდეი”