ყველაფერი გვინდა იყოს ისე, რომ შეზღუდვები საზოგადოებისთვის არ იყოს შემაწუხებელი, მაგრამ გავიხედოთ რა ხდება მსოფლიოში და ნუ დავიმშვიდებთ თავს იმით, რომ ჩვენ ქვეყანაში მხოლოდ ერთეული შემთხვევებია, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსი არსად არ გამქრალა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პაატა იმნაძის თქმით, პირბადის ტარება ძალიან ამცირებს ვირუსის გადადების რისკს და ამიტომაც დახურულ სივრცეში, ნიღაბი ყველამ უნდა ატაროს.
„მაქსიმალურად უნდა დავიცვათ წესები და ეს პირველ რიგში ნიღბის ტარებაა. მრავალი კვლევა გამოქვეყნდა და მოგეხსენებათ, თუ ნიღაბი უკეთია ავადმყოფს, ეს ძალიან ამცირებს გადადების რისკს, თუ უკეთია ჯანმრთელს, ესეც ამცირებს ვირუსის გადადების რისკს, მაგრამ თუ უკეთია ორივეს, ავადმყოფსაც და ჯანმრთელსაც, ამას, პრაქტიკულად, ნულამდე დაჰყავს ვირუსის გადადების რისკი. ამიტომაც არის მოთხოვნა ყველგან, ყველა ქვეყანაში, რომ ნიღაბი უნდა ატაროს ყველამ. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ღია სივრცეს, სადაც დისტანციის დაცვა შეგვიძლია, ეს ეხება დახურულ, საზოგადოებრივ სივრცეებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.