„საინფორმაციო ცენტრი ბორბლებზე“ _ ეს არის უმნიშვნელოვანესი სიახლე საინფორმაციო ავტობუსის შესახებ, რომელიც შესაბამისი დიზაინით იმოძრავებს და ზღვის სანაპიროდან აიყვანს ტურისტებს მთაში. მოხდება გურიის კულტურის უფრო ახლოს გაცნობა. ამ კომპონენტის ფარგლებშია, ასევე, გურულებთან შეხვედრის ინიციატივა. მოხდება ოჯახებში ვიზიტი, ახლოს გაეცნობიან გურულ კულტურას“, _ თქვა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა შემოქმედის პარკში, გომის მთის განაშენიანების მემორანდუმზე ხელმოწერისას.
შეხვედრაზე საგანგებოდ აღნიშნეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის, ალეკო მამეშვილის მიერ მიწოდებული იდეების შესახებ.
_ ჩვენთან თანამშრომლობის პროგრამაში, მისი იდეები ყოველთვის კრეატიულია. არის სიახლეებით სავსე. ისეთი, როგორიც არავის გაუკეთებია. ამ მხრივ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ყოველთვის სანიმუშოა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის. თქვენ შეგიძლიათ, მაგალითი მისცეთ სხვებს. მუდამ მოგვყავს თქვენი მაგალითი, _ თქვა პროგრამის მენეჯერმა, ქეთევან ტყეშელაშვილმა.
შეხვედრის დასასრულს, მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა სტუმრებს, ადგილობრივ მცხოვრებლებს და ჟურნალისტებს დაწვრილებით ესაუბრა პროექტის _ „საინფორმაციო ცენტრი ბორბლებზე“ , შესახებ.
_ავტობუსის დიზაინი ძალიან კრეატიულად არის შედგენილი. მასზე გამოსახულია გურიის უმნიშვნელოვანესი ადგილები და ამ ავტობუსით შესაძლებელი იქნება თითოეულ მცხოვრებამდე, თითოეულ ტურისტამდე აუცილებელი ინფორმაციის მიტანა, თუ რა შეიძლება ნახონ გურიაში, _ უთხრა მათ მამეშვილმა.