“გორში გოგოს გატაცების ამბავი სამწუხაროდ ისევ მანკიერად ვითარდება” – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ავრცელებს.
„მთელი ღამე გოგოს ოჯახს შინ ეჯდა ბიჭის ოჯახი და ეხვეწებოდა, არ დაგვრუპოთ, ციხეში არ გაგვიშვათო. ნებისმიერი არასრულწლოვანისთვის საკითხის ისე დაყენება, რომ თითქოს მისი გადასაწყვეტია, ვინ წავა ციხეში და ვინ არა – არის დანაშაული ამ ბავშვის წინაშე.
ჯერ ხომ მოტაცებისაგან ვერ იცავს სახელმწიფო გოგოებს და გატაცებულებს ვერ/არ პოულობს დღეების განმავლობაში; და მერე კიდევ არაადამიანურად ექცევიან ამ გატანჯულ ბავშვებს, კისერზე ჰკიდებენ რა ვიღაც მოძალადის დაპატიმრების გადაწყვეტილებას.
სულ ვამბობ და კიდევ გავიმეორებ, ამ ქვეყანაში ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი ქალები ექვემდებარებიან საშინელ საზოგადოებრივ წნეხს და მოწმეზე ზეწოლას, რაც ცალკე სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ სახელმწიფო ასე არ უყურებს – არ იცავს მოწმეებს, დაზარალებულებს და მათ ოჯახებს და პასიურად ელოდება, ვინ გატყდება პირველი; და ამის მიხედვით აწყობენ შემდეგ სისხლის სამართლის საქმეს.
ეს არის სახელმწიფოს უდიდესი დანაშაული გატაცებული გოგოების წინაშე“,_ წერს პატარაია.
ამავე თემაზე:
“სასოწარკვეთილი მშობლები რეკავენ ყველგან” – გორში არასრულწლოვანი მოიტაცეს