აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბელორუსისთვის საქნციების დაწესებას და ნავთობის მიწოდების შეჩერებას არ გამორიცხავს – ამის შესახებ ჩეხეთში, ევროპული ტურნეს ფარგლებში მყოფმა პომპეომ რადიო ,,თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვუში განაცხადა.
,,დარწმუნებული ვარ, რომ სანქციების შესაძლო დაწესებასა და ნავთობის მიწოდების შეჩერების საკითხს განვიხილავთ. განვიხილავთ იმას, თუ რა უნდა გავაკეთოთ არა მხოლოდ ცალმხრივ, არამედ მრავალმხრივ ჭრილში, რომ კარგი შედეგები მივიღოთ ბელარუსის მოქალაქეებისთვის. ამ ყველაფრის განსაზღვრა კიდევ მოგვიწევს. უნდა ვნახოთ, როგორ განვითრდება მოვლენები ბელარუსში“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ ევროკავშირთან ერთად ითანამშრომლებს ბელარუსში განვითარებულ მოვლენებზე პასუხის გასაცემად.
პომპეომ, ასევე აღნიშნა, რომ აშშ შეშფოთებულია იმით, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები სათანადოდ თავისუფალი და სამართლიანი არ იყო, თუმცა საპასუხო ზომის შესახებ ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას 9.9%-მა.