გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში, „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებული მამაკაცის მეუღლეს „გურია ნიუსი“ ესაუბრა.
ახლა მთელი ოჯახი თვითიზოლაციაშია.
რას გვიამბობს „კოვიდ-19-ით” დაინფიცირებულის მეუღლე: _ რაც ჩვენ თავს გადაგვხდა, მეტი სტრესი არ უნდა ადამიანს, რომ სული განუტევოს. ისეთ დღეშიც ჩაგვყარეს, კოვიდი კი არა ათგზის კიბო სჯობდა, ალბათ. მინდა, მთელმა საქართველომ უზუსტესი ინფორმაცია იცოდეს. ჩემმა გოგონამ, რომელიც ახლა თვითიზოლაციაშია, არ იცის დეტალები. ბათუმში, ქორწილში, მე და ჩემი მეუღლე ვიყავით, ხაზს ვუსვამ, ჩვენი საკუთარი მანქანით. ის ქვენობნელი გოგონაც ყოფილა, ოღონდ ისინი სხვა მანქანით, თავის ბიძასთან ერთად. იქ სხვადასხვა დროს მისული, სულ სხვდასხვა ადგილზე ვისხედით და ტელევიზიები აცხადებდნენ, რომ თითქოს ერთი მიკროავტობუსით ვიმგზავრეთ, რაც, ვფიქრობ, ვითარების დასამძიმებლად მოფიქრებულია. ქორწილიდანაც მე და ჩემი მეუღლე მარტო დავბრუნდით შინ. ეს გოგონა, როგორც მერე გავიგე, ბიძამ წამოიყვანა ასკანაში, შემდეგ შინ, ქვენობანში. სამი დღის შემდეგ ჩვენთან, ასკანაში, მოხდა ასეთი ფაქტი. _ იმ გოგონას ბიძას , რომელიც ჩვენგან საკმაოდ მოშორებით ცხოვრობს, ჩვენთან დატოვებული ჰქონდა ელექტროშემდუღებელი აპარატი და წასაღებად მეზობელი გამოგზავნა. მოსულმა გვითხრა, იქ ექიმები არიან, კორონა ჰქონია გოგონას და ქორწილში თქვენც ხომ არ იყავითო. რაკი ვიყავით, გამოვიჩინეთ ინიციატივა _ ვთხოვეთ, დაერეკა და დაგვლოდებოდნენ, რომ ჩვენც ჩაგვეტარებინა ტესტირება. თანხმობა გვითხრეს, წავედით სასწრაფოდ. შვილიშვილიც წავიყვანეთ. ჩავიტარეთ ტესტირება. მეორე დღეს შეგვატყობინეს, რომ ჩემს მეუღლეს აღმოაჩნდა ეს ვირუსი. შევეჭვდით. კაცი გადასარევად გამოიყურებოდა, ჯანმრთელი ადამიანია, სიცხე არ ჰქონდა. ავად არასდროს გამხდარა. ნეტა, ბევრი ახალგაზრდა იყოს ასეთ ფორმაში. თუმცა, დავემორჩილეთ წესს და მოთხოვნებს. მოვიდნენ ექიმები, მოჰყვნენ ჟურნალისტები, ზოგი ცალკე მოვიდა… ღიად აჩვენეს მთელ ქვეყანას სახიან, სახლ-კარიანად, ვინაობიანად ყველაფერი. ვყვიროდი, ვკიოდი, ნუ გვიღებთ, ჩვენი გვეყოფა-მეთქი, მაგრამ, ვინ მოგისმინა? ექიმების მიკვირს, როცა ასე ერთად დაგვეცნენ თავს, ამხელა სტრესს რომელი კორონა მიგვაღებინებდა? მე არც ფეისბუქი ვიცი, არც სადმე დავდივარ. მინდა, ეს ამბავი ყველას გააგებინოთ. სათითაოდ მოგვიხადონ ბოდიში. ოთხი შვილი გვყავს. ერთი ექიმია, ბათუმში მუშაობს. დანარჩენები აქეთ არიან. ვიკრიბებით თვეში ერთხელ მაინც. ბედნიერად ვგრძნობთ თავს. ავი ფიქრი არასდროს გაგვივლია გულში. ახლა კი ეჭვი მაწვალებს, ვინმეს ხომ არ სურდა, ასე საქვეყნოდ ვეთრიეთ? გეუბნებით, შინ გამოკეტილებს ახლა ფსიქოლოგი უფრო გვჭირდება, ვიდრე კორონაზე წამლობა. გითხარით, ჩემი მეუღლე ახლა ბათუმშია, საავადმყოფოში. დარწმუნებული ვარ, ეს ოთხი დღეც ჩაივლის და გამოვა, ყველაფერი კარგად იქნება. რა ვიცი, გვეუბნებიან, შესაძლოა საერთოდ არაფერი გეტყობოდეს, ვერც იგრძნო და მაინც გქონდეს კორონაო. რა ვიცი, რა ვიცი… მიაწვდინეთ ხმა ყველგან, რომ ჩვენ ბოლო ვიყოთ, ვისაც ასე მოექცნენ და კიდევ, ამბავი იკითხოს ვინმემ. სიტყვა წაგაქცევს და სიტყვა წამოგაყენებს… რა ვნახე ეს... _ გვითხრა ქალბატონმა, რომელმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ ნერვული სისტემა ახლაც დაძაბული აქვს.
ქალბატონმა ასევე გვითხრა, რომ არავის არაფერს სთხოვენ, მაგრამ შვილებს აქვთ ბანკებთან ვალდებულებები, თვითიზოლაციის დროს, ვადების დარღვევის გამო, დააკისრებენ ჯარიმებს და ასე რომ არ მოხდეს, სჭირდებათ დახმარება.
საკითხთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, არჩილ მჟავია „გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ქმედებები რეგულაციებითაა განსაზღვრული.
_ ინფიცირებული მამაკაცი გადაყვანილია, როგორც ვიცით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც ახლა „კოვიდ-19“-ის სამკურნალო ცენტრად არის გადაკეთებული. მნიშვნელობა აქვს, მე-12 დღეს როგორი მდგომარეობა იქნება. ახლა დანარჩენი ოჯახის წევრები არიან თვითიზოლიაციაში და ასეც უნდა იყოს. ეს არის რეგულაციებით განსაზღვრული წესი. გასაგებია მოქალაქის წუხილიც, რომ თავის საქმეში ხელი ეშლება. რაღაც უნდა მოახერხონ, ნოტარიუსის მეშვეობით და დახმარებით, ვინმე უნდა მიიყვანონ, ვინც გადაიხდის. ეს მე არ მეხება, უბრალოდ, აზრს გამოვთქვამ, რაკი მკითხეთ, _ გვითხრა მჟავიამ.