სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოს 18 პატიმარზე გათვლილი 2 ახალი ავტომანქანა გადაეცა. ეს არის სპეციალიზებული, ქარხნული წესით დამზადებული ესკორტირების ავტომანქანები, რომლებიც ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით არის აღჭურვილი. ამასთან, დამატებით მიმდინარეობს 10 პატიმარზე გათვლილი ესკორტირების სპეციალიზებული 18 ავტომანქანის შესყიდვის პროცედურა, რითაც პენიტენციურ სისტემაში არსებული ავტომანქანების დეფიციტი სრულად აღმოიფხვრება.
2018 წელს, 10 ათასამდე პატიმრისათვის 53 ავტომანქანა ირიცხებოდა, რომელთაგან 37, მათში კუსტარულად დამონტაჟებული რკინის ცხაურებით გამოწვეული ძრავის მძიმე დაზიანების გამო, მწყობრიდან იყო გამოსული. ავტომანქანების და ესკორტის ოფიცრების დეფიციტის მიზეზით 2019 წლის დასაწყისში ყოველთვიურად 250-300 სასამართლო პროცესი იშლებოდა და უკიდურესად გართულებული იყო სამოქალაქო სექტორის კლინიკებში პატიმართა გადაყვანა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, პირველად პენიტენციურ სისტემაში შეძენილ იქნა ქარხნული წესით დამზადებული ესკორტირების სპეციალიზებული 46 ახალი ავტომანქანა, რომლებიც პატიმრების კომფორტულ პირობებში გადაყვანის საშუალებას იძლევა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემითაა აღჭურვილი. მათ შორის, ერთი შშმ პირთა საჭიროებებზეა მორგებული, 2 კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანაა. 2018 წლის ბოლოდან დღემდე 378-დან 518-მდე გაიზარდა ესკორტის ოფიცერთა (ყოფილი ბადრაგები) რიცხვი და მათი დანიშვნა პირველად პენიტენციურ სისტემაში ხდება ღია კონკურსის გზით. ამასთან, ესკორტის ოფიცრებს 2018 წლის ბოლოდან ხელფასი ორ ეტაპად გაეზარდათ – საშუალოდ, 270 ლარით, ესკორტის ოფიცერთა მთლიანი კორპუსისთვის შეძენილია ახალი, უმაღლესი სტანდარტის უნიფორმა, რომელიც ბოლოს 2015 წელს იქნა შესყიდული და ცვეთა განიცადა. 2019 წლიდან პირველად პენიტენციურ სისტემაში დაინერგა უფასო კვების სისტემა – პენიტენციური დაწესებულების მორიგე თანამშრომლებისთვის ორჯერადი კვება, ხოლო ესკორტის ოფიცრებისთვის – მშრალი საკვები.
ესკორტის ოფიცრების კორპუსის ახალი და უფრო მეტი კადრით დაკომპლექტების, მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და შესაბამისი ავტომანქანებით აღჭურვის შედეგად, 2019 წლიდან, ქვეყანაში მინიმუმამდე შემცირდა ჩაშლილი სასამართლო პროცესების რაოდენობა; ასევე, გაუმჯობესდა სამედიცინო სერვისის მიწოდების სისწრაფე. 2019 წელს ყველაზე მეტი პატიმარი იქნა გადაყვანილი სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მისაღებად. კერძოდ, თუ 2016 წელს სასამართლო პროცესებზე 31 837 პატიმარი იყო გადაყვანილი, 2017 წელს – 30 357, 2018 წელს – 36 924, ხოლო 2019 წელს ამ მაჩვენებელმა 41 976 შეადგინა.(R)