ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთის მასშტაბით ქუთაისის ლაბორატორიებში 1768 ტესტი იქნა აღებული, საიდანაც 27 კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოვლინდა. აქედან ძირითადი ნაწილი არსებულ კლასტერებს უკავშირდება. დღეს დილით ჟურნალისტებთან საუბრისას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, რომ არის ახალი შემთხვევებიც:
,,ინფიცირებულთა ნაწილი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რაც ძალიან კარგია იმ თვალსაზრისით, რომ მათგან გავრცელების საფრთხე არ გვაქვს. თუმცა, ნაწილი ახალი შემთხვევაა, რომლებთან კონტაქტები დღის ბოლოსთვის გვეცოდინება. აღარ გვაქვს სასურსათო მაღაზიის კლასტერი, ჯერჯერობით დაგვრჩა სავაჭრო ცენტრი, ვსწავლობთ დანარჩენების წარმომავლობის წყაროებს.”
ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ქუთაისის კლინიკებში 301 ადამიანი მკურნალობს, 77 პაციენტი კოვიდსასტუმროებშია, დღეიდან გადადიან უსიმპტომო ინფიცირებულთა ბინაზე მართვაზე.