სამტრედიაში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19 ორ მამაკაცს დაუდასტურდა. ერთი მათგანი თბილისში მუშაობდა და სამტრედიასთან ოჯახური კონტაქტები უფიქსირდება. იგი მსუბუქი სიმპტომებით ქუთაისის კლინიკაში სამკურნალოდ მოათავსეს. მეორე მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლია და კოვიდ-19 მას გეგმიური დატესტვის დროს აღმოაჩნდა. ვინაიდან უსიმპტომო იყო, მძღოლი ქუთაისის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. მას ოჯახურის გარდა სამსახურეობრივი კონტაქტები უფიქსირდება. სასწრაფოს მძღოლთან მორიგეობაში მყოფი მედპერსონალი 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩება.
,,ორი ახალი ინფიცირებულის კონტაქტები მოკვლეულია, ჩატარდა ეპიდკვლევები. სამტრედიელ პაციენტთა უმრავლესობას აქვს უსიმპტომო ფორმა, ან მსუბუქად გამოხატული სიმპტომები.”-,, გურია ნიუსთან” კომენტარში განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით სულ 18 პაციენტი დაინფიცირდა. აქედან 7 გამოჯანმრთელდა, 11 ინფიცირებულიდან 5 ქუთაისის კლინიკებში მკურნალობს, 3 საკარანტინო სივრცეში იმყოფება, 3 თვითიზოლაციაშია.