მსოფლიო ბანკი განვითარებადი ქვეყნებისთვის $12 მილიარდს გამოყოფს, თანხა COVID19-ის ვაქცინების შეძენას და ინფიცირებულების მკურნალობაზე დაიხარჯება
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა საბჭომ განვითარებადი ქვეყნებისთვის $12 მილიარდი – ახალი დაფინანსება დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.
მსოფლიო ბანკის ცნობით, ამ თანხით ქვეყნები თავიანთი მოქალაქეებისთვის COVID19-ის ვაქცინების შეძენასა და განაწილებას, ტესტირებას და მკურნალობას დააფინანსებენ.
დაფინანსების გეგმა, $160 მილიარდის ნაწილია, რომლის გამოყოფასაც მსოფლიო ბანკი, კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების მიზნით, განვითარებადი ქვეყნებისთვის 2021 წლის ივნისის ჩათვლით გეგმავს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.