იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ დღეს, ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა, რომ 14 ოქტომბერს იმერეთში კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა.
,,სულ იყო 150 შემთხვევა, საიდანაც მარტო ქუთაისის 101 ფაქტია. ასე, რომ დაავადებულთა სერიოზული მატებაა იმერეთში. რაოდენობის ზრდის მიუხედავად, მივყვებით და ყველა მიმართულებით ვაკონტროლებთ სიტუაციას. ძირითადად უმეტესი შემთხვევა არის უკვე ინფიცირებულების კავშირები, მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, ან თანამშრომლები. სამწუხაროდ, კიდევ გვაქვს სკოლის შემთხვევები, თუმცა არა მასშტაბური”, _ განაცხადა ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბოლო მონაცემებით, იმერეთში კოვიდ 19-ის სტატისტიკა ასეთია: 450 პაციენტი კოვიდკლინიკებში მკურნალობს, 150-მდე კოვიდსასტუმროებშია, თვითიზოლაციაში, მარტო ქუთაისში, 1100 დაინფიცირებული რჩება. იმერეთში 600-მდე საწოლფონდია, რომელიც, საბედნიეროდ, სრულად არ არის დატვირთული.