ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევა გამოვლინდა სამტრედიის მუნიციპალიტეტში.
დაინფიცირებული პირველი საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგია.
,, გურია ნიუსი” დაუკავშირდა სკოლის დირექტორს, ხათუნა ფაილაძეს, რომელმაც ფაქტი დაადასტურა:
,,სამტრედიის #1 საჯარო სკოლაში ერთ მასწავლებელს დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია. მასწავლებელს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა არც ადრე და არც ახლა. მას გარდაეცვალა ნათესავი, რომელსაც კოვიდ ინფექცია ჰქონდა დადასტურებული. მასწავლებელმა თავად გამოიჩინა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ვინაიდან უნდა ევლო სკოლაში, რისკების გამორიცხვის მიზნით თავად მოითხოვა ტესტის აღება. ტესტის აღებამდე რამდენიმე დღით ადრე კი დამეთხოვა სკოლიდან და იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. აღნიშნული პედაგოგი ასწავლის სპორტს, სკოლაში კი სპორტის გაკვეთილები ღია სივრცეში ტარდება, სპორტულ ინვენტარს უტარდება დეზინფექცია და რეგლამენტის მიხედვით გადის 5დღიან კარანტინს და მხოლოდ შემდეგ ხდება მათი გამოყენება. ვესაუბრეთ ეპიდემიოლოგებსაც, მივიღეთ მათგან კონსულტაცია და ამ ეტაპზე არანაირი საშიშროება არ არსებობს იმისათვის რომ სკოლა გადავიდეს ონლაინ სწავლებაზე. სკოლაში ტარდება რეგლამენტით გაწერილი ყველა საჭირო ღონისძიება, ყოველდღიურად იწამლება სკოლა, კეთდება დეზინფექცია, მასწავლებლები დადიან პირბადეებითა და ხელთათმანებით, ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება მოსწავლეთა უსაფრთხოებისათვის. სკოლამ ჯერ კიდევ სექტემბერში გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ სკოლაში ყველა კლასში სასწავლო პროცესი განახლებულიყო საკლასო ოთახებში და იმედი მაქვს, რომ ასეც გაგრძელდება. თუმცა ყოველთვის მზად ვართ საჭიროებისამებრ გადავიდეთ ონლაინ სწავლებაზე“.