კორონავირუსის პანდემიის ფონზე გაძვირებული ცხოვრება და უკმაყოფილო მოქალაქეები არც ლანჩხუთისთვისაა უცხო. ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში თვალშისაცემად გაუფასურებული ეროვნული ვალუტის ფონზე იმატა ფასებმა პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე. ამ უკანასკნელზე ფასების ზრდა კი განსაკუთრებულად მტკივნეულად პენსიონერთა ჯიბეზე აისახა, როგორც ისინი ამბობენ, მათი გაანგარიშებით, წამლების ფასმა, საშუალოდ, 25%-ით მოიმატა.
“ყველაზე მეტად ფასები ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებზე, ვიტამინებსა და ანტიბიოტიკებზეა გაზრდილი. წამლებზე ფასების ზრდა წლიდან წლამდე ყოველთვის იყო, მაგრამ ასე ერთბაშად _ არა. ამ პანდემიის პირობებში უფრო თვალშისაცემია ეს მატება. წამალს, რომელსაც წლებია სისტემატურად მოვიხმარ, თავიდან 10 ლარად ვყიდულობდი, მერე თანდათან 12 ლარამდე ავიდა მისი ფასი, ახლა კი საყიდლად რომ შევედი აფთიაქში, 18 ლარზე მეტი გადავიხადე. ბოლო თვეებში ზოგან სამედიცინო მომსახურებაზეც გაიზარდა ფასი _ ექიმთან ვიზიტი 20 ლარი თუ იყო, 30 ლარი გახადეს. პენსია გაიზარდაო კი ამბობენ, მაგრამ ფაქტია, თვიდან თვემდე წამლის საყიდლადაც არ გვყოფნის. მარტო წამალი ხომ არაა _ საჭმელიც ხომ გინდა ადამიანს, ოჯახებია ჩვენს უკან. პენსიას რომ აიღებ, რა გულმა უნდა მოგითმინოს, პატარა შვილიშვილს ტკბილეული არ უყიდო, თუმცა, ისე წავიდა საქმე, კანფეტი კი არა, ხშირად პურის საყიდელი ფულიც არ გვრჩება პენსიიდან. კი იძახიან გულზე მჯიღის ცემით, პენსია გავზარდეთო, მარა ლარს რომ ჩალის ფასი აქვს, ამაზე ვინაა პასუხისმგებელი?! 250 ლარად თვიდან თვემდე თავის გატანა როგორ უნდა შეძლო ადამიანმა?!” _ შექმნილ რთულ მდგომარეობაზე ერთხმად გამოთქვამენ საყვედურს პენსიონერები.
“პროდუქტებზე, ფასები რომ მომატებულია, ეს მაღაზიაში შესვლისას ერთი თვალის გადავლებითაც კარგად ჩანს. პირველადი მოხმარების პროდუქცია რაც არის, ყველაფერზე გაზრდილია ფასები _ ზეთი, შაქარი დღითი დღე ძვირდება. ხუთლიტრიანი ზეთს 18 ლარად რომ იყიდდი, ახლა 23-25 ლარი ღირს, ოთხ ლარზე მეტი ღირს ერთი ლიტრი. ორ ლარზეა ასული ერთი კილოგრამი შაქრის ფასიც და ამბობენ, კიდევ გაძვირდებაო. ყველაფერს რომ თავი დაანებო, ცოცხი ღირს რვა ლარი, დავიჯეროთ, ისიც უცხოეთიდანაა შემოტანილი და უცხოურ ვალუტაზეა ნაყიდი?!
გაიზარდა ფასები, იკლო შემოსავალმა და საერთოდ, როგორ ვარსებობთ, ესაა გასაკვირი! ისედაც არ იყო სამსახური და ამ კოვიდინფექციის ფონზე მთლად შემოსავლის გარეშე დავრჩით _ ზოგი ვაჭრობით და ზოგიც თურქეთში სამუშაოდ გადასვლით ვირჩენდით თავს. ახლა არც ერთი არაა, ვართ დარჩენილი ჯიბეგამოფხეკილები. უმუშევრად დარჩენილებს კი არა, ვისაც სტაბილური სამსახური და შემოსავალი აქვს, იმათაც უჭირთ დღეს თავის გატანა _ ხელფასები იგივეა, არ მომატებულა, ხარჯები კი გაიზარდა.
ახლა კიდევ არა უშავს _ მეტ-ნაკლებად ბოსტანი ყველას ჰქონდა და თავი შედარებით ადვილად გავიტანეთ. თხილიც იყო, ახლა წაბლია კიდევ, მაგრამ წინ ზამთარია და სანუგეშო არაფერი გვესმის. ამბობენ, წლის ბოლომდე კიდევ მოიმატებს დოლარის კურსი და უფრო გაძვირდება ყველაფერიო. ფაქტია, ისაა, რომ ძალიან გაჭირდა ცხოვრება და რთული სოციალური მდგომარეობა გვაქვს”, _ ამბობენ სტაბილური შემოსავლის გარეშე დარჩენილი და პროდუქტებზე ფასების ზრდით უკმაყოფილო რიგითი ლანჩხუთელები, რომელთა აზრითაც, მძიმე სოციალური ყოფიდან ერთადერთი გამოსავალი სამუშაო ადგილების შექმნაა, თუმცა, მათივე თქმით, ამაზე ათეულობით წლებია არავინ ზრუნავს.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, როგორც მოსახლეობა ამბობს, შაქრისა და ზეთისგან განსხვავებით, ხახვსა და კარტოფილზე ეროვნული ვალუტის ინფლაცია, ჯერჯერობით, არ ასახულა: “ჯერ ხახვსა და კარტოფილზე არ გაზრდილა ფასები და ვნახოთ, აწი რა იქნება. ყუთით პომიდორი 13-14 ლარი ღირს, სამწნილე წიწაკის ფასი 1,5-1,7 ლარია. ბულგარული წიწაკაც, დაახლოებით, ასე ფასობს. ცოცხი რომ რვა ლარი ღირს, ამის ფონზე სულაც არაა ძვირი ყველი, რომელიც 10 ლარი ღირს. არც რძეს მომატებია ფასი, ორი ლარი ღირს კვლავინდებურად. სოფლის მაწონი ერთ ლარად იყიდება ისევ. ხორცი კაი ხანია გაძვირდა და მაგის ფასი ერთეულებმა თუ იციან”, _ ამბობენ ჩვენი ლანჩხუთელები რესპონდენტები.