არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში, არჩევნები არ გადაიდება, _ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება მომზადებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ხშირ შემთვევაში ზოგიერთ სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიაში შესვლა იქნება ბევრად უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა, სრული წესების დაცვით. ამიტომ არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი აქ არ იარსებებს. ეს ერთი და მეორე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ღიად. ერთადერთი, მოქალაქეებთან ერთად რასაც ვთხოვთ პოლიტიკოსებს,წესები დავიცვათ – ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია, ეს ხომ ასეთი რთული არ არის?! შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი ემუქრება და ვერც დაემუქრება“, – განაცხადა პრემიერმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.