ოზურგეთის ცენტრში, გურიის ქუჩის დასაწყისში, ე,წ,„ბირჟაზე“ ბოლო თვეებია, ბოშათა „სავაჭრო ბანაკი“, როგორც აქ ამბობენ, იერიშით შემოვიდა მოედანზე. მათ შემოიტანეს და პირდაპირ ძირს დაყარეს ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი, სხვადასხვა დასახელების სამოსი და ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ვაჭრობენ.
ჩვენი სანდო წყაროს ინფორმაციით, ისინი, ძირითადად, ფოთის მცხოვრებლები არიან. წყაროსავე ცნობით, თავიანთ ქალაქში, სწორედ ასეთი თავნებობისა და ყოველგვარ წესრიგს მოკლებული ქცევისთვის, არ დართეს ნება გარევაჭრობისთვის.
დღეისთვის, პანდემიის პირობებში, ყოვლად მოუთმენელი ვითარება, რაც აქ სუფევს, არანაირ კომენტარს არ საჭიროებს _ ძირითადად, არცერთ გამყიდველს არ უკეთია პირბადე. ჩვენ როცა ფოტოები გადავუღეთ, მაშინ დაიწყეს ჯიბეების მოჩკრეკა.
ხმაური, ანტისანიტარია, ხშირად ნაგავის ძირს დაყრა, შეხსენების შემდეგ, გამოღმა შემოდავება და მუქარა – უკვე მათი მხრიდან ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
ჩვენს კითხვაზე, რატომ არის ანტისანიტარია, რატომ ყრია ტანსაცმელი მიწაზე, რატომ არ უკეთიათ პირბადე და საერთოდ ვინ მისცა მათ ასეთი თავნებობის უფლება პანდემიის პირობებში, ბრაზობენ და უხეშად, უზრდელად და მუქარით გვპასუხობენ:
_ვინ გკითხავს, რომ იღებ? ჩვენ წავალთ? სამ დღეში აგაორთქლებს პოლიცია… და წყევლა, გაიგე? პირბადე აგერაა… პირბადე და „ტრუსიკი“ დეიხურე თავზე _ აყვირდნენ ქალბატონები, რომლებსაც საცვლების გროვები ცალკე აქვთ დაყრილი პირდაპირ ფილაქანზე.
პანდემიის პირობებში ამ მოუთმენელ მდგომარეობას მშვიდად უყურებს ადგილობრივი ხელისუფლება. ასეთი ყოველდღიურობისგან შეწუხებული მოქალაქეები კი სვამენ კითხვას: „ვის აძლევს ხელს ასეთი ვითარება? ვინ მფარველობს მათ?“
მუნიციპლიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ მათ არ აქვთ ბერკეტი, მიხედონ ამ ვითარებას.
ამასობაში კი, ასიოდე მეტრში, აგრარული კულტურებით მოვაჭრე შოთა შაქარიშვილი მწარედ ხუმრობს: ასჯერ რომ მათრიეს, გარევაჭრობა აქ არ შეიძლებაო და რატომ დგახარო, ამ ჩემი ათი მუჭა მწვანილით არ შეიძლებოდა დადგომა და ეს ბარდაგი მოსათმენია?“
„გურია ნიუსი“ ვრცელ სტატიას, ოზურგეთის ცენტრში არსებული ამ თავნებობისა და გარევაჭრობის ყოველგვარი წესის დარღვევის თაობაზე, მალე შემოგთავაზებთ.