ოზურგეთში გოლიაძის ქუჩის მცხოვრებლები მედიასთან საუბრის დროს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საკანალიზაციო სისტემის მოგვარებას ასახელებენ. ცენტრალურ უბნებში მცხოვრები ადამიანები ინდივიდუალური ჭებით სარგებლობენ, არის შემთხვევები, როცა ტუალეტები პირდაპირ მდინარეზეა გადადგმული და ეს ქალაქს ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის.
ნანული გეგეჭკორი – გოლიაძის ქუჩის მაცხოვრებელი : „ბევრ უბანზე გაუსაძლისი სუნი დგას ჩვენს ქუჩაზე, ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ. ეს პრობლემა წლებია გვაწუხებს. არა და არ მოგვიგვარდა“.
ილია გოლიაძე – გოლიაძის ქუჩის მაცხოვრებელი : „გოლიაძის ქუჩაზე კანალიზაციის საკითხი მწვავედ დგას მრავალი წელია. ყველა ოჯახს ცალკე ჭა გვაქვს ამოთხრილი, რომელსაც წელიწადში 3 – 4 – ჯერ, ზოგჯერ მეტჯერაც ვწმინდავთ. ცენტრალურ ქუჩაზე, რომ გაკეთდეს კანალიზაცია, მერე ჩიხებში ჩვენი სახსრებით შემოვიყვანთ, დავიღალეთ უკვე, XXI საუკუნეა და რაზე გვიწევს საუბარი?!“
„გურიის სამოქალაქო ცენტრის“ წარმომადგენელი, ნათია ვაშალომიძე, რომელიც ამ საკითხის შესწავლით არის დაინტერესებული, ამბობს:
„ჩვენ ვცდილობთ, რომ ყურადღება გავამახვილოთ ამ საკითხზე, იმიტომ, რომ არ შეიძლება ამ თემის უყურადღებოდ და გეგმის გარეშე დატოვება. ამით განსაკუთრებული ზიანი ადგება ქალაქის მდინარეებს, რომლებსაც ისედაც არ აქვს პატივისცემა ჩვენი ქალაქის მხრიდან.იმის მაგივრად, რომ მდინარეები განიავების და გაგრილების სისტემად ვაქციოთ,ნაგვის შემკრებ და კანალიზაციის გამშვებ წყაროდ არის ქცეული“.
გაერთიანებული წყალმომარაგების გურიის რეგიონული ფილიალის უფროსი, დავით ცერცვაძე ამბობს, რომ მათ ოზურგეთის ტერიტორიაზე, კოსტავასა და ლერმონტოვის ქუჩებზე წყალარინების პრობლემა მოაგვარეს. რაც შეეხება სხვა ქუჩებს, სამომავლოდ კომპანია პროექტის შესყიდვას გეგმავს, რომელიც მთლიანი ქსელის გამოცვლას და ხელახლა გაყვანას ითვალისწინებს.
„ოზურგეთის წყალარინების სისტემა გაკეთებულია გასული საუკუნის 60 – იან წლებში. იგი ტექნიკურად ისეთ მდგომარეობაშია, რომ დამატებითი ქუჩების დაერთებას ვერ აიტანს.ჩვენ გვაქვს მონახაზი იმისა, რომ მომავალი წლიდან შევისყიდოთ პროექტი, ოზურგეთის წყალარინების სისტემის საერთო რეაბილიტაციაზე, თავისი გამწმენდი ნაგებობით. მერე მოვიძევთ დაფინანსების წყაროსაც, რომ პროექტი განვახორციელოთ“ – თქვა დავით ცერცვაძემ.