გურიის ზღვისპირა კურორტ ურეკს, სეზონური ხიბლი და თანმხლები მხიარული თავგადასავლებიც მუდამ ახლავს.
წლევანდელი სეზონი, პანდემიის გამო, დამსვენებელთა მცირერიცხოვნობით გამოირჩეოდა. ხავერდოვანი სეზონის მიწურული _ მით უფრო. თუმცა, ნოემბრის გაოქროფერმკრთალებულ დღეებში, ზღვის სანაპიროსთან, არაერთ აქაურ „გულივერს“ ნახავთ.
_ჩვენ თვითმარქვია მეზღვაურები ვართ, მშვიდობისმოყვარე. ზღვაზე ნავით, ხან „ფეხითაც დავდივართ“ და ვეძებთ ოქროს, ალუმინს… ამათთან ერთად, ჯანმრთელობასაც ვპოულობთ ისე, რომ არავის ვაზარალებთ,- ამბობენ ისინი.
_ესენი ჩვენი ზღვისპირა ზოლის „გულივერები“ არიან. აქვთ თვითნაკეთი ხელსაწყოები. პოულობენ ხან ოქროს ნივთს, რომელიც ადამიანებს ტალღებში ეკარგებათ. ხან სხვადასხვა ფერად ლითონს აგროვებენ. ნაპოვნი იმისია, ვინც იპოვის. ერთხელ მეც ვიპოვე ოქროს საყურე. ეს პროცესი ერთგვარი პოზიტიური სანახაობაა ყოველდღე, რაც ადამიანს ისეთივე ფერად განწყობას ჰგვრის, როგორც ნოემბრის ეს გრილი და ფერადი დღეები, – გვეუბნება ჩვენი მეგობარი , ლალი თავართქილაძე და „გულივერთა“ ეპატაჟურ ფოტოებს გვიგზავნის.