დონალდ ტრამპი არჩეული პრეზიდენტისთვის, ჯო ბაიდენისთვის, ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა. ამის შესახებ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ,,ტვიტერის“ გვერდზე წერს.
როგორც დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, ფედერალურმა სააგენტომ, რომელიც ხელისუფლების გადაცემის პროცესს უძღვება, ყველაფერი, ,,ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც გასაკეთებელია“.
,,მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო სერვისების ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ემილი მერფის ჩვენი ქვეყნის ერთგულებისთვის. მას ავიწროებდნენ, აშინებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. მე არ მსურს, რომ ეს ხდებოდეს.
ბრძოლას გავაგრძელებთ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მე რეკომენდაციას ვაძლევ ემილისა და მის გუნდს, რომ გააკეთონ ის, რაც უნდა გაკეთდეს პროტოკოლთან დაკავშირებით და ჩემს გუნდსაც იმავეს გაკეთებისკენ მოვუწოდებ“, _ წერს დონალდ ტრამპი ,,ტვიტერის“ გვერდზე.
ცნობისთვის, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნული განცხადება მაშინ გააკეთა, როცა სახელმწიფო სერვისების სააგენტომ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.