„ამ ბნელი გვირაბის ბოლოს შუქი უფრო კაშკაშა ხდება”, _ ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანო გებრეიესუსმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი პოზიტიური სიახლეები პანდემიის დამარცხების რეალურ იმედს იძლევა.
”ვაქცინების კვლევების უახლესი პოზიტიური სიახლეებით, ამ გრძელი, ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება.
ახლა უკვე რეალური იმედი არსებობს, რომ ვაქცინები, ჯანდაცვის სხვა ღონისძიებებთან ერთად – ხელს შეუწყობს # COVID19 პანდემიის დასრულებას ” – განაცხადა გებრეიესუსმა.
როგორც ცნობილია, ამერიკული კომპანია Moderna აცხადებს, რომ წინასწარი კვლევებით, ახალი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია. კომპანიის პრეზიდენტის, სტეფან ჰოგის თქმით, მიმდინარე თვეს, სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოდგენილი ერთი და იგივე შედეგი ყველაზე დამამშვიდებელია. გერმანული მწარმოებლის BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინის წინასწარი ანალიზები კი აჩვენებს, რომ მას ადამიანების 90%-ით დაცვა შეუძლია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ტესტირებაში მონაწილეთა 70% კორონავირუსისგან დაიცვა.