ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული კარიერებიდან, დიდი ხანია, ქვა-ღორღს ეზიდებიან სხვადასხვა კომპანიის სატვირთო მანქანები, რომელთა მიერ, უკიდურესად ზიანდება, როგორც ადგილობრივი, ისე სახელმწიფო მნიშვნელობის გზები.
ჩვენ არაერთხელ ვწერდით ამის შესახებ. კონკრეტულად კი სოფელ სილაურში ისეთი ფაქტიც დავაფიქსირეთ, როცა ქვა-ღორღით დატვირთული მანქანა სასწორზე დადგა, თითქოს ასაწონად, სინამდვილლეში კი, როგორც ადგილზე ვნახეთ, სასწორი საერთოდ არ მუშაობდა.
არაერთი დისკუსიის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობდა საზოგადოება და სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: “გურიის ახალგაზრდული რესურცენტრი”, “საქართველოს დემოკრატიული განვითარება” და”ეკო”, მათ დააფიქსირეს ყველა კარიერი და როგორც თავად აცხადებენ, დიალოგი გამართეს ყველა ინსტანციასთან.
_დარჩა მხოლოდ ტენდერის გამოცხადება. ამის შემდეგ კი უნდა მოხდეს სასწორების შეძენა და დადგმა განსაზღვრულ ადგილებზე, რომ დაშვებულ ნორმაზე მეტი ხრეში არ გადაიტანონ სატვირთოებმა. ოზურგეთის მერიამ, დროა, უკვე ტენდერი გამოაცხადოს სასწორების შესაძენად, რადგან დანგრეულია როგორც სახელმწიფო, ასევე მუნიციპალური გზები კარიერებიდან გამომავალი ათეულობით მძიმე სატვირთოების გამო.
ყველა დონეზე მოგვარებულია მოლაპარაკებები: საპატრულო,გზების დეპარტამენტი, საკრებულომ დაამტკიცა ბიუჯეტში სასწორების შეძენისთვის გამოყოფილი თანხა.
ისიც იცით თუ რა ტიპის სასწორები შეიძინოთ … რატომ აჭიანურებთ ტენდერის გამოცხადებას? _ ასე სვამს კითხვას „ეკოს“ წარმომადგენელი ირმა გორდელაძე და ამბობს, რომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და მოსახლეობის უმრავლესობა ამ აზრის არიან.
„გურია ნიუსი“ ესაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს.
_ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე, იყო ამაზე საუბარი. თუმცა, მაშინ ვერ მოხერხდა შესაბამისი პარამეტრების სასწორის შერჩევა. არ იყო ფაქტიურად. მერე, პანდემიის პირობებში, ბევრი რამ დამუხრუჭდა, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ამ დროისთვის დაზუსტებულ პასუხს ვერ გეტყვით. ყველასთვის ცნობილია, რომ ბიუჯეტი შემცირებულია, _ გვითხრეს ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელბმა.
აღნიშნულ თემაზე, „გურია ნიუსი“ მალე ვრცელ სტატიას შემოგთავაზებთ.