ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ საქართველოს ნატოში დაუყონებლივ გასაწევრიანებლად მოწვევა უნდა გაეგზავნოს.
EUOBSERVER-ში გამოქვეყნებული გენერლის წერილში ნათქვამია, რომ
“NATO-ს საქართველო სჭირდება. ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში უნდა გაძლიერდეს, ამერიკული სამხედრო ბაზისა და ფლოტის ინფრასტრუქტურის ჩათვლით, ასევე, ჩვენ საქართველოს ნატოში დაუყონებლივ გასაწევრიანებლად მოწვევა უნდა გავუგზავნოთ, ეს ზომები იქნება კრემლისთვის გზავნილი, რომ ეს რეგიონი ჩვენი სტრატეგიული ინტერესის სფეროა, დასავლეთმა უნდა დაიცვას სამხრეთ კავკასია, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია დიდი კონფლიქტის თავიდან აცილება“, – წერს გენერალი ჰოჯესი.
ჰოჯესი წერილში საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნების შესახებაც წერს.
გენერალი აღნიშნავს, რომ აშშ–მ სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობები უნდა განამტკიცოს, ხოლო თურქეთთან კავშირი გააძლიეროს.
ჰოჯესი წერილში ყარაბაღის კონფლიქტის მოსკოვის ჩარევით მოგვარებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ აშშ და მთელი ევროპა კონფლიქტში არ ჩაერია, რის გამოც ყარაბაღი საფასურს იხდის.
“მოსკოვს, ახლა, სამხრეთ კავკასიის სამივე რეგიონში ჯარები ჰყავს, საქართველოში, რომლის ტერიტორიების 20% 2008 წლიდან ოკუპირებულია, სომხეთში, სადაც რუსეთის ჯარები საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ ჩარჩნენ და ახლა უკვე აზერბაიჯანშიც.”
გენერალი ბენ ჰოჯესი დასავლეთს მოუწოდებს, კონფლიქტისადმი ინტერესის გამოხატვით, მომავალი საომარი მოქმედებების პრევენცია უზრუნველყოს.
ცნობისთვის, გენერალმა რამდენიმე დღის წინ საქართველოში ანაკლიის პროექტის შეჩერებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ანაკლიას ვეტო რუსეთმა დაადო, რადგან კრემლს და ბიძინა ივანიშვილს არ სურთ ქვეყანა განვითარდეს და იყოს ინვესტორებისთვის მიმზიდველი.
გენერალმა ბენ ჰოჯესმა, ასევე აღნიშნა, რომ სურს საქართველოში აშშ–ის გაზრდილი ინფრასტრუქტურა იხილოს.