არაერთი დღეა, რაც ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოში საკანალიზაციო ჭა დაზიანებულია და ფეკალური მასები ზემოთაა ამოსული.
აღნიშნული ფაქტი გარდა იმისა, რომ სასიამოვნოდ სანახავი ნამდვილად არაა, ასევე, გარკვეული საფრთხის შემცველიცაა, მითუმეტეს, რომ აქ ბავშვებიც ცხოვრობენ. მანამ კი, სანამ შესაბამისი უწყებებიდან ვინმე ყურადღებას მიაქცევს და პრობლემას აღმოფხვრის, ადგილობრივმა მოსახლეობამ მხოლოდ ის შეძლო, რომ დაზიანებულ ჭას ზემოდან ძველი ფიცრები დააფარა და ნიშნულიც აღმართა, რომ შემთხვევითი გამვლელი ფეკალიებში არ ჩავარდეს.
საგულისხმოა, რომ ჟორდანიას ქუჩის ამ მონაკვეთზე, ქალაქ ლანჩხუთის კეთილმოწყობისა და რეაბილიტაციის ფარგლებში, რისთვისაც, ჯამში, 708 888 ლარი დაიხარჯა, სამუშაოები 2016 წელს გახორციელდა და შიდა ეზო მოასფალტდა. მაშინ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი იმთავითვე აკეთებდა აქცენტს, რომ ასფალტის საფარის დაგებამდე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება იყო აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები მალევე იჩენდა თავს.
„ვამბობდით, რომ ასფალტის დაგებამდე საკანალიზაციო ჭები და მთელი ეს სისტემა იყო მოსაწესრიგებელი, მაგრამ ყურიც არავინ გვათხოვა, ჩვენ უკეთ ვიცითო. ამ ეზოში კანალიზაციის ჭის პრობლემა ყოველთვის იყო. სანამ ასფალტი დაიგებოდა, მანამდეც არაერთხელ ჩავარდნილა. თითქოს ასფალტის დაგების შემდეგ ეს საკითხი უნდა მოგვარებულიყო, მაგრამ ფაქტი სახეზეა _ ჭა ჩავარდა, ფეკალური მასები ზემოდან ტივტივებს. ახალ წლამდე ჩავარდა ეს ჭა და დღემდე გასაკეთებლად ხელი არავის უხლია. ჩვენვე დავაფარეთ ძველი ფიცრები ზემოდან, ვინმე ან რამე რომ არ ჩავარდეს შიგ. ეზოში გავლისას ფეკალიების ყურებაც არაა სასიამოვნო ამბავი“, _ ამბობენ ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მაცხოვრებლები.
„გურია ნიუსი“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოში შექმნილ პრობლემის თაობაზე წყალკანალის ადგილობრივ სამსახურს დაუკავშირდა. როგორც წყალკანალში გვითხრეს, ისინი არ ფლობდნენ ინფორმაციას დაზიანებული საკანალიზაციო ჭის თაობაზე.
„ჩვენთან არანაირი ინფორმაცია არ შემოსულა ამის თაობაზე და გპირდებით, აუცილებლად მივალთ ადგილზე და შევისწავლით მდგომარეობას. ფაქტია, რომ მთლიანი სისტემა მოძველებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს“, _ გვითხრეს ლანჩხუთის წყალკანალში.