საქართველოს დახმარება მიუღებელია, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრმა, ლევ კვიცინიამ „ეხო კავკაზასთან“, საქართველოს მიერ ხანძრების ჩაქრობაში დახმარების შეთავაზებასთან დაკავშირებით საუბრისას.
„თქვენგან მესმის პირველად, რომ საქართველო ჩვენ რაიმე დახმარებას გვთავაზობს. საქართველოს დახმარება ჩვენთვის მიუღებელია, ამიტომ ეს ტყუილია. არანაირი მოლაპარაკება, არანირი მცდელობა არ ყოფილა და ვერ იქნება, ქართველებთან ჩვენ არასდროს არანირი კონტაქტი არ გვქონია“, – განაცხადა ლევ კვიცინიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დახმარებისთვის არც რუსეთისთვის მიუმართავთ, რადგან ამის საჭიროება არ არსებობს.
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერები ამჯერად ბზიფის მიდამოებში გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიასთან გასამკლავებლად დასახლებაში სახანძროს ორი ეკიპაჟი გაგზავნეს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 8 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძრის ქრობაში ვერტმფრენით დაეხმაროს.