,,მე არასდროს განვიხილავდი საკუთარ თავს, ტიპიურ პოლიტიკოსად“ – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი, რაც თან სდევს პოლიტიკას, განსაკუთრებით, წარმატებულს – ძალაუფლება, პრივილეგიები, საჯაროობა და ასე შემდეგ, მისი ხასიათიდან გამომდინარე, მხოლოდ დისკომფორტს უქმნიდა.
,,პოლიტიკაში ჩემს მონაწილეობას ჰქონდა კონკრეტული მიზნები და ამოცანები, რომელთა შესახებ ჩემს განცხადებაში ვრცლად უკვე ვისაუბრე და რომელთა შესრულების შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, სამუდამოდ ჩამოვშორდე პოლიტიკას. მე არასდროს განვიხილავდი საკუთარ თავს, ასე ვთქვათ, ტიპიურ პოლიტიკოსად, კლასიკური გაგებით. ყველაფერი, რაც თან სდევს პოლიტიკას, განსაკუთრებით, წარმატებულს – ძალაუფლება, პრივილეგიები, საჯაროობა და ასე შემდეგ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მხოლოდ დისკომფორტს მიქმნიდა და გულახდილად გეტყვით, ერთი სული მქონდა, როდის დასრულდებოდა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ეს ეტაპი,“ – განაცხადა ივანიშვილმა.
ასევ ბიძინა ივანიშვილმა, გამოცემასთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ როგორც კი მისია შესრულებულად ჩათვალა, საბოლოოდ გაეცალა პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ შემობრუნება მოუწია, რაც ასევე, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით იყო ნაკარნახევი.
,,იმავდროულად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არანაირად არ მსურს, დავაკნინო პოლიტიკოსის პროფესია. მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული, საპასუხისმგებლო და საპატიო საქმიანობის სფეროა. ამ წლების განმავლობაში ბევრ პოლიტიკოსთან მომიწია ურთიერთობა, როგორც ჩვენს გუნდში, ისე საერთაშორისო მასშტაბით და მათ აბსოლუტურ უმრავლესობაზე უაღრესად დადებითი აზრის ვარ. ნებისმიერ, მათ შორის, პოლიტიკოსის პროფესიას, თავისი, თუ შეიძლება ითქვას, ბუნებრივი დიალექტიკა აქვს და სამოტივაციო ნაწილი ახლავს, თვითრეალიზაციის შესაძლებლობა და ჯანსაღი ამბიცია, სწორი მიმართულებით ატაროს ქვეყანა, კარიერული წინსვლის პერსპექტივა, ნორმალური ანაზღაურება, ბოლოსდაბოლოს. ეს სრულიად ნორმალური სამოტივაციო ნაწილია ნებისმიერ პროფესიაში და პოლიტიკა ვერ იქნება და არც უნდა იყოს გამონაკლისი. სხვა შემთხვევაში, პოლიტიკოსი ვერ იქნება წარმატებული. მაჩანჩალა კი, არც საკუთარ თავს გამოადგება და არც ქვეყანას. უბრალოდ, მე სხვა ვითარება და სხვა სასტარტო პოზიციები, სხვა მოტივაცია მქონდა პოლიტიკაში შემოსვლის დროს და ყველაფერი ზემოთ ნახსენები ჩემი ინტერესის სფეროს ბუნებრივად არ წარმოადგენდა. თავს ვალდებულად ვთვლიდი, მომეხადა ვალი ქვეყნის და ხალხის წინაშე, რაც პოლიტიკაში ჩემი უშუალო მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო. ამიტომ განვაცხადე წინასწარ, რომ ეს დროებითი მოვლენაა და პოლიტიკაში დარჩენას ხანგრძლივად არ ვაპირებდი. როგორც კი მისია შესრულებულად ჩავთვალე, საბოლოოდ გავეცალე პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ შემობრუნება მომიწია, რაც ასევე, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით იყო ნაკარნახევი. თავს უფლებას ვერ მივცემდი, ბოლომდე არ მიმეყვანა საქმე და მშვიდად გამეგრძელებინა კერძო ცხოვრება. ეს ყველაფერი დეტალურად მაქვს ახსნილი ახლახან გამოქვეყნებულ წერილში და თქვენი მკითხველი რომ არ გადავღალოთ, დღეს ამით შემოვიფარგლები – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ცნობისთვის, ინტერვიუ 9 იანვარსაა ჩაწერილი, თუმცა რესპონდენტის, ბიძინა ივანიშვილს თხოვნით 11 იანვარს, მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც “ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ოფიციალური წერილი გაავრცელა.