უხვმა ნალექმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კორმაღალში მეწყრული მოვლენები გააქტიურა. წამოსულმა ნაშალმა მასამ გრიგოლ ნადირაძის საცხოვრებელ სახლს საფრთხე შეუქმნა.
,,ამ წვიმის შედეგად წამოვიდა მიწა, რომელიც ოჯახის წევრებმა გვიან ღამით შევამჩნიეთ. თუ არ გამოიდარა, შეიძლება, მოწყდეს და ჩამოშლილმა მიწამ სახლი დამინგრიოს. მყავს ეტლში მჯდომარე ინვალიდი შვილი. ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას ვთხოვ, მომეშველონ და საყრდენი კედლის აშენებაში დამეხმარონ,”-,, გურია ნიუსთან” საუბრისას თქვა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახის თავკაცმა, გრიგოლ ნადირაძემ.
სტიქიის ადგილზე მივიდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია და მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ დალაქიშვილი.
მეწყრული მოვლენებისგან დაზარალებულ ოჯახს დახმარება აღუთქვა ვალერი ფოცხვერიამ.
,,ნადირაძეების ოჯახს არ მივატოვებთ, თუ საჭირო გახდა, გეოლოგებსაც ჩავრთავთ, დავეხმარებით მუშახელითაც და ტექნიკითაც”, -განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა.