მოლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ მოლების გახსნის ერთ-ერთი პირობა კორონავირუსზე თანამშრომლების კომპანიების ხარჯით რეგულარული ტესტირებაა.
„ამ ფარგლებში შედგა მორიგი სამუშაო შეხვედრა სავაჭრო სექტორთან, სადაც განვიხილეთ ის პირობები, თუ რისი დაკმაყოფილება მოუწევს სექტორს იმისთვის, რომ შეუფერხებლად მოხდეს მათი ფუნქციონირების, საქმიანობის განახლება 1-ლი თებერვლიდან. მათ შორის, ეს მოიცავს როგორც წინა პერიოდში შემუშავებულ და განხორციელებულ რეგულაციებს, ასევე განიხილება კომპანიების თანამშრომლების რეგულარული გატესტვა, რომელიც იქნება ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ ბიზნესმა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა“, -თქვა ირაკლი ნადარეიშვილმა.