,,დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემასა და ჯო ბაიდენის ინაუგურაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, _ ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, ფედერალური სააგენტოს უსაფრთხოების ბრიფინგზე განაცხადა _ ინფორმაციას CNN ავრცელებს
„ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხო ინაუგურაციას, რათა არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ფიცი დადონ, როგორც შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ჩვენი ისტორიისა და ტრადიციების შესაბამისად, რომ პატივი მიაგონ ამერიკელ ხალხს და შეერთებულ შტატებს. როგორც გუშინ პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ ხელისუფლების მოწესრიგებული გადაცემის ერთგულნი ვართ. ამერიკელი ხალხი უსაფრთხო ინაუგურაციას იმსახურებს“, _ განაცხადა მაიკ პენსმა
როგორც ამერიკული მედია წერს, არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის უსაფრთხოებას, რომელიც 20 იანვარს გაიმართება, ეროვნული გვარდიის 20 ათასამდე სამხედრო უზრუნველყოფს.
ცნობისთვის, ვითარება ვაშინგტონში 6 იანვარს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.
შეგახსენებთ, რომ მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა. ახლა გადაწყვეტილება 19 იანვარს სენატმა უნდა მიიღოს, 20 იანვარს კი მას ვადა ოფიციალურად ეწურება.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. მას ბრალი აჯანყების წაქეზებისთვის ედება.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის წამყვანი ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ტომ ჰენქსი, იქნება. ცერემონია 20 იანვარს გაიმართება, ცნობილია ისიც, რომ მას ჯენიფერ ლოპესი და ლედი გაგა დაესწრებიან, ასევე დაესწრება აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები: ბილ კლინტონი, ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში.