ყოფილი პარლამენტარის, ომარ ხუციშვილის ოთხფეხა მეგობრით, როგორც ჩანს გერმანელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ.
ძაღლი „მარკუშა“, რომელსაც სახელი ახლო წარსულში სახელოვანი ჰოლანდიელი ფეხბურთელის საპატივცემულოდ შეურჩიეს, პატრონთან ერთად ლანჩხუთში, სოფელ ჩოჩხათში ცხოვრობს და სოციალურ ქსელში საკმაო პოპულარობით სარგებლობს.
ლანჩხუთელი „მარკუშა“ მართლაც სასწაულებს აკეთებს. შეუძლია გამოიცნოს ამა თუ იმ პოლიტიკოსის თუ პოლიტიკური პარტიის ფოტოები, პატრონისთვის მიაქვს ჩუსტები სახლიდან, გაზეთები ჭიშკრიდან, ლიმონი და მანდარინი ეზოდან… თამაშობს ფეხბურთს, კარში ისეთ ბურთებს იჭერს, მეკარეებსაც შეშურდებათ. ხუმრობენ კიდეც- საქართველოს ნაკრებს ამისთანა მეკარე რომ ჰყავდეს, ევროპისა და მსოფლიო პირველობებზე მოხვედრა არ გაგვიჭირდებაო.
მოკლედ, „მარკუშა“ საკმაოდ ჭკვიანი და მოხერხებულია. შესაბამისად, სოციალურ ქსელში მის შესახებ განტავსებული ვიდეოები ყურებადია, რომელსაც გამოცდილი გელა პატარაია იღებს.
ჰოდა, სწორედ გელას მორიგი ვიდეოს, რომლის ნახვა მალე მილიონს მიუკაკუნებს, გავრცელების შემდეგ მოექცა „მარკუშა“ გერმანელი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში. გელას ბერლინიდან დაუკავშირდნენ და სიუჟეტის გაკეთებაში დახმარება სთხოვეს.
„დიახ, გერმანიიდან დამიკავშირდნენ, კონკრეტულად ბერლინიდან და დახმარება მთხოვეს სიუჟეტის მომზადებაში. ჩამოვლენ და დამიკავშირდებიან”,_ ამბობს ლანჩხუთელი ოპერატორი.
მარკუშას პატრონი, რომელსაც ყველაზე მეტი წვლილი მიუძღვის ოთხფეხა მეგობრის პოპულარობაში, ყველაზე დიდი წვლილი მის პატრონს მიუძღვის _ ბატონი ომარი გახარებულია გერმანელთა დაინტერესებით.
„გელა პატარაია -ზუსტად ასეთი წარწერა აქვს იმ ვიდეოებს სოციალურ ქსელში, რომელსაც დიდი რაოდენობით ნახვა და მოწონება გააჩნია. მშვიდი, გაწონასწორებული, ზრდილი, საღი აზროვნებით გამორჩეული, მუდამ კეთილად განწყობილი და თავისი საქმის მაღალი პროფესიონალი. ასეთ ადამიანად გავიცანი იგი, როცა მან ჩემს ძაღლს, მარკუშას რამდენიმე ვიდეო გადაუღო. ამ ბოლო ხანს ვირუსის გამო საოჯახო რიტუალებთან დაკავშირებული ღონისძიებები თითქმის აღარ იმართება. ამიტომ იყო, რომ მორიგი ვიდეოს გადაღების წინ გელამ ძაღლს ხუმრობით უთხრა-მარკუშა საქმე ისე მიდის, მგონი, შენს იმედად ვრჩებიო.
ძაღლიც თითქოს მიხვდა რასაც ეუბნებოდა და თანაგრძნობის ნიშნად ყველაფერი დიდი პასუხისმგებლობით და მონდომებით შეასრულა. ვიდეო ერთ კვირაში თავს 700 000-მდე მნახველით იწონებდა. გელას გერმანიის დედაქალაქიდან დაუკავშირდნენ. თურმე ეს ვიდეო ბერლინშიც უნახავთ. ერთ-ერთი სატელევიზიო არხის წარმომადგენლებს აღფრთოვანება არ დაუმალავს და იმ ვიდეოში, სადაც მარკუშა კარებში ოსტატურად იჭერს ბურთს, ვრცელი სიუჟეტის მომზადება განუზრახავთ. ჰოდა, ამ საქმეში გერმანელებს დახმარება ვიდეოს ავტორისათვის უთხოვიათ,“ _ ამბობს ომარ ხუციშვილი.