არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოს“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ირმა გორდელაძემ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილობით მიმართა.
“ცნობილია, რომ 2020 წლის 28 დეკემბერს გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში, მდინარე ნატანებზე „ნატანები 3“ ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობის პროექტის გზშ-ის (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) დოკუმენტის საჯარო განხილვა. საჯარო შეხვედრა გაიმართა ონლაინ რეჟიმში, რასთან დაკავშირებითაც აღვნიშნავთ შემდეგს:
2020 წლის 7 დეკემბერს ჩვენ მოგმართეთ ოფიციალური წერილით, სადაც ვითხოვდით ამ შეხვედრის გადადებას.
ეს პროექტი თავიდანვე იყო პრობლემური და არასასურველი ადგილობრივი მოსახლეობისა და გურიის საზოგადოებისთვის.
ფაქტობრივად, არც სკრინინგის და არც სკოპინგის საჯარო განხილვები არ შემდგარა.
მოსახლეობის დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა განხილვები. ამის დამადასტურებელი ფაქტები გაშუქებული იქნა ადგილობრივი ტელევიზიისა და პრესის მიერ.
საკითხი არის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ხოლო ონლაინ განხილვა ვერ ქმნის სათანადო პირობებს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობისთვის.
მოქალაქეების დიდი ნაწილი არ იყო ინფორმირებული განხილვის შესახებ. ინფორმირებისთვის გამოყენებული მეთოდები: საკრებულოს შენობაში და ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე მხოლოდ ორ ლოკაციაზე საინფორმაციო ფურცლის განთავსება ვერ ჩაითვლება საკმარის ზომებად, მით უმეტეს კი პანდემიის პირობებში, როდესაც მოქალაქეთა მობილობა და გადაადგილება შეზღუდულია და აღნიშნულ ლოკაციებზე ადამიანების მინიმალური რაოდენობა მოძრაობს.
არ მომხდარა სოფლების: ვაკიჯვრის, ფამფალეთის, ბაღდადის, ცხემლისხიდის, დვაბზუს მოსახლეობის ინფორმირება ონლაინ განხილვის შესახებ. განხილვის დღეს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა სოფელ ვაკიჯვარს. ამიტომ ვითხოვდით გადადებულიყო გზშ-ის განხილვა“, _ აღნიშნავს ირმა გორდელაძემ.
წერილში ყურადღება გამახვილებულია 7 საკითხზე, რომელზედაც არასამთავრობო ორგანიზაცია სამინისტროდან რეაგირებას ითხოვენ.
“1.წყლის ჩამონადენი (ხარჯი) არის გასული საუკუნის 80-იანი წლების მონაცემების საფუძველზე დაყრდნობით შედგენილი. მართალია, გზშ-ის ანგარიშში, ასევე, აღნიშნული აქვთ, რომ 2015 წლის დაკვირვებებიც გამოიყენეს, მაგრამ მხოლოდ ერთი წლის დაკვაირვება საკმარისი არ არის და ჰესის მშენებლობისთვის საკმარის საფუძვლად არ უნდა ჩაითვალოს _ მდინარის ჰიდროლოგიური რეჟიმის შედგენას წლების განმავლობაში კვლევა სჭირდება. გურიის მდინარეებში, მათ შორის მდინარე ნატანებში წყლების კლების ტენდენცია მოსახლეობისთვის ცნობილია, აღნიშნული გზშ-ში კი გარემოსდაცვითი ხარჯის შეფასება გაკეთებულია ძველი მეთოდიკით.
2. არ არის დათვლილი კუმულაციური ზემოქმედება სხვა ჰესებთან ერთად. ეს კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
მდინარის სათავეში 9 მგვტ-ზე გათვლილი ჰესის აგება ბადებს ეჭვს, რომ იგეგმება მთელი ხეობის დატვირთვა ჰესების კასკადით, რადგან ამგვარი სიმძლავრის ჰესის აგება მდინარის ქვედა ტანში უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა წყლის სიუხვის გამო.
საქართველოს აქვს განაცხადი გაკეთებული იმის შესახებ, რომ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად გადავიდეთ აუზურ მართვაზე, წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში კი არ არის გათვალისწინებული აუზური მართვის პრინციპები, რაც გულისხმობს მთლიანად მდინარის ხეობის, მდინარის აუზის შესწავლას სხვადასხვა მიმართულებით (გეოლოგია, ჰიდროლოგია, სეისმოლოგია, ბიომრავალფეროვნება) და არა მხოლოდ ხეობის იმ მონაკვეთის კვლევას, სადაც ჰესის აგებაა
3. გზშ-ში მითითებულია, რომ ჰესი სრული დატვირთვით იმუშავებს მხოლოდ რამდენიმე თვე. ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ წლის დანარჩენ დროს მოხდება სრული წყალაღება და ხეობა დარჩება უწყლოდ? ამის არა ერთი მაგალითი არსებობს, მათ შორის, გურიაში „ნაბეღლავი ჰესის“ სახით, სადაც ხდება სრული წყალაღება.
პროექტში არ არის წარმოდგენილი სათანადო კვლევები, რაც მოგვცემს იმის გარანტიას, რომ არ შეიცვლება წყლის ხარისხი, არ დაიკარგება მიწისქვეშა წყლები (რისი არა ერთი მაგალითიც არსებობს). არ არის გათვალისწინებული ანალოგი მდინარეების მაგალითები, სადაც ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელების შემდეგ არაერთი წყარო, შენაკადი, მჟავე წყალი დაიკარგა
4. გზშ-ში არ არის განხილული და დასაბუთებული პროექტის ეკონომიკური და ენერგეტიკული სარგებლიანობის საკითხი; არ არის გაკეთებული დანახარჯისა და სარგებლის ანალიზი ეკონომიურ, ეკოლოგიურ და სოციალურ-კულტურულ ჭრილში, რათა დადგინდეს, გარემოზე მიყენებული ზიანი მეტია, თუ ეკონომიური სარგებელი.
ევროკავშირის 5 ძირითად რეკომენდაციას შორის საგანგებოდ მითითებულია, რომ „პროექტის ზომა არ არის განმსაზღვრელი კრიტერიუმი. ნებისმიერი ზომის პროექტმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი,რომლისგანაც გაუარესდება წყლის ობიექტის ხარისხი და დაირღვევა ევროკაბშირის გარემოსდაცვითი კანონმდებლობა’“.
5. როდესაც წყლის ჩამონადენის დაახლოებით 90% გაივლის დერივაციულ მილში და ხეობას წყლის საკმარისი რაოდენობა არ ექნება ისედაც გლობალური დათბობის დროს, რა ეკოლოგიურ ცვლილებებს და ზიანს მოუტანს ეს ადგილობრივ გარემოს?
6. გურიის რეგიონი გამოირჩევა მაღალი ტენიანობითა და უხვი ნალექით, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს გეო-დინამიკური პროცესების გააქტიურებას. გარდა ამისა, ნიადაგი უმეტესად წარმოდგენილია თიხნარის სახით, ხოლო მდინარეები ღვარცოფული ხასიათისაა. ამგვარი გეოლოგია არ იძლევა ჰიდროენერგეტიკის ფართოდ განვითარების საშუალებას. გზშ-ში დასახელებულია 15 დამეწყრილი უბანი, ასევე ქვათაცვენის აქტიური მონაკვეთი. დერივაციული მილი გეოლოგიური თვალსაზრისით ურთულეს ადგილზე გაივლის გზშ დასკვნაში არ არის სათანადოდ შესწავლილი და გათვალისწინებული აღნიშნული ფაქტორი.
7. „ნატანები 3“ ჰესის აშენებით გურიის რეგიონს არც ელექტროენერგიის ტარიფი შეუმცირდება, არც ელექტროენერგიის მიწოდება გაუუმჯობესდება. პირიქით _ გურია დაკარგავს მწვანე რეგიონის სტატუსს და ჰესის მშენებლობა და ექსპლუატაცია მნიშვნელოვან ზიანს შეუქმნის სოფელ ვაკიჯვარში ეკოტურიზმის განვითარებას“, _ აღნიშნულია წერილში.
“გურია ნიუსი“ “ნატანები 3“-სზე აგრძელებს მუშაობას და უახლოეს სიახლეებს მალე შემოგთავაზებთ.