ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში ოცზე მეტი ოჯახის წევრები კორონავირუსით არიან დაინფიცირებული. გამოვლენილია ინფიცირების სულ ახალი შემთხვევებიც.
„გურია ნიუსი“ სოფელში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ესაუბრა:
_ ცხემლისხიდის თემის სოფელ ბაღდადში იყო რამდენიმე შემთხვევა. გუშინ კიდევ ორი მიემატა, როგორც ვიცი. თუმცა ასე საგანგაშო არაფერია. ვისაც აღმოაჩნდა, მათი ოჯახის წევრები იცავენ რეგულაციებს. შინიდან არ გამოდიან. ასე, რომ გავრცელებული ინფორმაცია მთლად სიმართლეს არ შეესაბამება. კარანტინზე საუბარი არ ყოფილა ოფიციალური უწყებიდან. ხალხი თავისით ავრცელებს ასეთ ვარაუდებს – გვითხრა მან.
ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს , მაია ქუტიძეს:
_სოფლის დაკეტვაზე და კარანტინზე საუბარი არ ყოფილა. რაც გავრცელდა, ეს ჭორია. იყო ბევრი დაინფიცირებული ერთი თვის მანძილზე. გუშინ ინფიცირების ერთი შემთხვევა იყო ახალი. ამ წუთს არსებული მონაცემებით, მოსახლეობის 2%-იც არ არის დაინფიცირებული. რომ ჩაიკეტოს, სოფლის მცხოვრებთა ნახევარის ნახევარი უნდა იყოს ვირუსის ქვეშ. ასე რომ, ეს მცდარი ინფორმაციაა. ამ საღამოს მე მომაწვდის მონაცემებს, როგორც „მედალფა“, ისე ბავშვთა საავადმყოფო. გავაანალიზებთ და ზუსტი პასუხი გვეცოდინება, – გვითხრა მაია ქუტიძემ.
ოზურგეთის საკრებულოს წევრმა სოფელ ცხემლისხიდიდან, ლალი სიჭინავამ ასევე დაადასტურა, რომ სოფელში, განსაკუთრებით სოფელ ბაღდადში, რომელიც ცხემლისხიდის თემში შედის, არაერთი ოჯახის წევრს აღმოაჩნდა კორონავირუსი.
_ დაკეტვაზე საუბარი ხალხმა უფრო გაავრცელა თვითნებურად. უფრო წინა კვირეების მანძილზე იყო მაღალი დაინფიცირებულთა რიცხვი. ახალი შემთხვევები ნაკლებია , _თქვა ქალბატონმა ლალიმ.