აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თავისი წინამორბედისთვის, დონალდ ტრამპისთვის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა სურს. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
CBS Evening News- ის წამყვანის, ნორა ო’დონელის კითხვაზე, ტრამპისთვის საიდუმლო ბრიფინგები უნდა გაიმართოს თუ არა, ბაიდენმა უპასუხა, რომ არაა აუცილებელი.
„არ მგონია. რაში მდგომარეობს ამ ბრიფინგების ჩატარების აზრი? რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას, გარდა იმისა, რომ ტრამპს, შესაძლოა, რაღაც წამოსცდეს?“ _ განაცხადა ბაიდენმა.
მანამდე თეთრი სახლში არაერთხელ განაცხადეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამ საკითხზე მსჯელობს.
ბაიდენმა, ასევე, აღნიშნა, რომ ტრამპი ხშირად ამცირებდა სადაზვერვო საზოგადოებას და არ გამოირჩეოდა თეთრ სახლში ხანგრძლივი ბრიფინგების ჩატარებით. მან, ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა აშშ-ს დაზვერვა, რომელიც აჩვენებს, რომ რუსეთი ჩაერია 2016 წლის არჩევნებში.
ცნობისთვის, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები, ტრადიციულად, იღებენ გარკვეულ სადაზვერვო ბრიფინგებს თანამდებობის დატოვების შემდეგაც.