ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, დღეს, ორშაბათს საკლასო ოთახებში ჩვეულებრივად გაგრძელდა სასწავლო პროცესი.
“დღეს ისეთი ფაქტი, რომ სასწავლო პროცესის შეფერხება გამოეწვია, არ ყოფილა. სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ გრძელდება, მოსწავლეების დასწრება იყო მაღალი და სკოლები ყველა რეკომენდაციებს იცავენ“, – გვითხრა ლელა იმედაშვილმა.
“გურია ნიუსმა“ გასულ კვირაში, შაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვემო და ზემო ნატანების, ასევე, ლიხაურისა და ცხემლისხიდის სკოლებში, მოსწავლეებსა და პედაგოგებში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულის გამო, ზემოთ ჩამოთვლილ სკოლებში ორშაბათიდან სწავლა ჰიბრიდულ, ზემო ნატაბებში კი მთლიანად ონლაინ რეჟიმში გადავიდა.
“ცხემლისხიდის – XII, ქვემო ნატანების – XI და XII, ლიხაურის – დაწყებითი კლასები, ანუ I – IV ჩათვლით, ორი კვირით ონლაინ სწავლებაზე გადავა”, _ აღნიშნა შაბათს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა იმედაშვილმა.