ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ცოფი დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ზურა ბაუჟაძე ფეისბუქზე ავრცელებს.
“ისევ ცოფი დაფიქსირდა ქობულეთის კიდევ ორ სოფელში. ამჯერად წყავროკა და ჯიხანჯური დაემატა. ორივე სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება.
არსებული ინფორმაციით ცოფი ტურებისგან გავრცელდა მსხვილფეხა პირუტყვშიც.
თუმცა, ეს ის სოფლებია რომლის მიმდებარედაც ბოლო წლებში მგლები გამოჩნდა. ისტორიულად აქ მგლები არასოდეს ბინადრობდნენ და მხოღოდ 2008 წლის ომის დროს, ბორჯომის ტყეების ხანძრების შემდეგ მესხეთის ქედის გაყოლებაზე არსებულ ხეობებში გადმოინაცვლეს.
ამის შემდეგ გაჩნდა მგელი ქედაში, ოზურგეთში და ქობულეთშიც.
ქედაში წლების წინ ადამიანიც შეჭამეს. ქობულეთში კი პერიოდულად მსხვილფეხა საქონელსაც ესხმიან თავს.
ჰოდა, ახლა ეს ახალი თავსატეხი ტურისგანაა თუ მგლისგან კაცი ვეღარ გაიგებს.“ – წერს ზურა ბაუჟაძე.
აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და გარეული ცხოველების იძულებით ვაქცინაციას იწყებს სოფელ წყავროკასა და 2-3 კილომეტრში მდებარე მომიჯნავე სოფლებში.
ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ შეიქმნა მონადირეთა სპეციალური ჯგუფი, რომლებიც მოახდენენ, კანონის შესაბამისად, იმ ცხოველების ლიკვიდაციას, რომელიც საფრთხეს წარმოადგენ, როგორც შინაური ცხოველისთვის, ასევე, ადამიანებისთვის.
“გამოყოფილია მონადირეთა ჯგუფი, რომლებმაც უკვე მოახდინეს ერთი დაავადებული ტურის ამოღება, მონიტორინგი გაგრძელდება სხვა დღეებშიც. სააგენტოს მომართვის შემდეგ, აღნიშნულ სოფელში დაწესდება 60 დღიანი კარანტინი. თუმცა ეს კარანტინი არ გულისხმობს სოფლის ჩაკეტვას. სოფელში შესვლა და გამოსვლა არ აიკრძალება. ეს ნიშნავს, რომ იმ ტერიტორიებზე რძის და ხორცპროდუქტების რეალიზაცია შეიზღუდება. რეკომენდაციის სახე ექნება სოფლის მოსახლეობისთვის ცოფის ვაქცინის გაკეთებასაც”, – აცხადებს მერის მოადგილე დავით ვერულიძე.