დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში, ადგოლობრივმა მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. მათ ოზურგეთი-ბაილეთის გზა გადაკეტეს, საკუთარ სოფელში შიდა გზების გაკეთების მოთხოვნით.
აქციაზე მივიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კოტე შარაშენიძე.
სოფლის, კერძოდ, მე-11 და მე-8 ქუჩის (რომელსაც „სვანეთის უბანსაც“ ეძახიან) მცხოვრებლებმა მოითხოვეს გზის და მიმდებარე არხების კაპიტალურად გაკეთება.
_როცა წვიმს, ვერ გამოვსულვართ ქუჩაში. ბავშვებს სკოლაში ვერ ვუშვებთ. ახლა, იცოცხლე, „ჩუსტით“ გაივლი, მაგრამ წვიმაში ნახეთ, რა ხდება აქ, _ თქვეს აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლებმა.
კოტე შარაშენიძემ ორივე ქუჩა დაათვალიერა.
_წამოდით, ადგილზე ვნახოთ, – უთხრა მან აქციის მონაწილეებს.
საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ მერი საპროექტო სამსახურიდან, უახლოეს დღეებში სოფელში ჯგუფს გაუშვებს.
აქციის მონაწილეებს შორის მყოფი ერთ-ერთი ქალბატონი, ლუიზა მანქანაშვილი ყველაზე ხმამაღალ პროტესტს გამოთქვამდა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთთთან გამავალი არხის გამო, რომელშიც წყალი მიედინება.
_ეს წყალი აქით კი არ მოდიოდა, იქეთ მიდიოდა. სოფლის გამგებელმა მოიყვანა ტრაქტორი და არხი გაჭრა. ამ ამბავს ასე არ დავტოვებ, პარლამენტამდე ვივლი, – ყვიროდა ის.
კოტე შარაშენიძე ცდილობდა, დაერწმუნებინა ქალბატონი, რომ არხის ის ნაწილი, მიწის ფართი, სადაც წყალი გადის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, სახელმწიფო მიწაა. წყალი კი საპირისპირო მხარეს ვერ წავა, რადგან იქეთაც აღმართია. მიჰყვება კალაპოტს, რომელიც ბუნებრივად არის გაჭრილი თვით წყლის დინების გამო. შემდეგ კი კალაპოტის მხოლოდ ამოწმენდა ან გაფართოება ხდება.
ადგილობრივები ამბობდნენ, რომ წყალი მოდის დაღმა.
_მილიონი წელია, ეს ღელის წყალი დაღმა მიედინება,თავის კალაპოტში. მერე უხვევს, გადის გზის ქვეშ წყალგამტარი მილით და მიუყვება კალაპოტს, რომელიც ქალბატონ მანქანაშვილის საკუთრებაში მყოდ ფართობს ესაზღვრება. წყალი სადღაც ხომ გაივლის? პირდაპირ ხედავთ? ისევ აღმართი იწყება. უკან ვერ მიაბრუნებ, იქაც აღმართია. ან როდის მომხდარა, წყალი აღმა წავიდეს? ჩვენ გზის გაკეთებას ვითხოვთ და არა წყლის აღმა წასვლას, _ გვითხრეს აქციის მონაწილე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა.
_პარლამენტამდე ვივლი. არ შეიძლება სანიაღვრე არხი გადიოდეს კერძო საკუთრების გვერდით , (?)მე ვიცი კანონი _ ამბობდა ქალბატონი ლუიზა მანქანაშვილი.
ვრცლად სტატიას აქციის შესახებ, „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ.