დილით და საღამოს ვარჯიშს საკუთარი უარყოფითი და დადებითი მხარეები გააჩნია, თუმცა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ თქვენი მიზანი კუნთის მასის მომატებაა, ყველაზე კარგ შედეგს შუა დღეს ან საღამოს ვარჯიშის შემთხვევაში მიიღებთ.
ფინეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში მეცნიერებმა მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარეს: მათ ბიჭების ორი ჯგუფი შექმნეს, ორივე ჯგუფი კვირაში სამჯერ ვარჯიშობდა, განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ერთი ჯგუფი დილის 7-დან 9-მდე ვარჯიშობდა, მეორე კი საღამოს 5-დან 7-მდე.
საღამოს საათებში მოვარჯიშე ჯგუფს კუნთის მასის უფრო გაძლიერებული ზრდა აღენიშნებოდა. უფრო მეტიც, მათი ფეხის კუნთები 30 პროცენტით უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე მეორე ჯგუფის.
მოცემული შედეგის განსამტკიცებლად მეცნიერებმა დამატებითი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ისინი ადამიანების სხვადასხვა ჯგუფში ბარძაყის კუნთის ზრდას აკვირდებოდნენ. მათ აღმოაჩინეს, რომ ადამიანებში, რომლებიც საღამოს ვარჯიშობდნენ, კუნთი 50 პროცენტით უფრო სწრაფად გაიზარდა.
მეცნიერები აცხადებენ, რომ მიუხედავად ამ შედეგებისა, ვარჯიშის ეფექტურობა ხშირ შემთხვევებში ინდივიდუალურია. ზოგიერთ ადამიანს ვარჯიში დილით უფრო უადვილდება, ზოგს კი საღამოს.
თუ გრაფიკი საშუალებას გაძლევთ საღამოს ვარჯიში, შესაძლოა, თქვენთვის უფრო პროდუქტიული იყოს, ხოლო თუ მხოლოდ დილის საათებში გცალიათ გახსოვდეთ, რომ ვარჯიში დღის ნებისმიერ პერიოდში სასარგებლოა.