სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ფეისბუქზე ეხმიანება, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
„დასაწყისში ვიტყვი, რომ არ ვიყავი საპარლამენტო ბოიკოტის მომხრე. ამის შესახებ არაერთხელ დავწერე და ვთქვი კიდეც საჯაროდ.
თუმცა, ოპოზიციამ სხვა – ქუჩის – გზა აირჩია. ეს გზა ბრძოლის პრინციპულად სხვა მეთოდების გამოყენებას გულისხმობს, ვიდრე პარლამენტის დარბაზში ბრძოლა მოითხოვს. ასეთ მეთოდებს შორის ერთ–ერთი ძირითადია დაუმორჩილებლობა. ის, რაც ახლა ნიკა მელიას გარშემო ხდება, სხვა არაფერია, თუ არა ქუჩის პოლიტიკის, კერძოდ, დაუმორჩილებლობის, ორგანული ნაწილი.
ამიტომ, აქ გასაკვირი არაფერია – ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციას ვერ მოსთხოვ საპარლამენტო ბრძოლის „დავარცხნილი“ ხერხების გამოყენებას.
გულისხმობს თუ არა დაუმორჩილებლობა კანონების ზედმიწევნით შესრულებას? რა თქმა უნდა – არა. დაუმორჩილებლობა, სულ მცირე, დევიაციებზე გადის. მთავარია, დაუმორჩილებლობას ისეთი სარჩული დაედოს, რაც კანონდარღვევას გაამართლებს, ლეგიტიმურს გახდის. ასეთ სარჩულად ოპოზიციამ „გავრილოვის ღამე“, ანუ ოკუპაციის თემა გამონახა. გაჩნდა ასეთი ბმა – მელიას იჭერენ იმიტომ, რომ მან ოკუპანტის მიერ პარლამეტის შერყვნა გააპროტესტა. და ამ ბმას, უნებლიედ, ხელისუფლებაც დაჰყვა.
ცხადია, დაუმორჩილებლობის ასეთი ლოგიკის მიზანია მასობრივი ტალღის აგორება. მოიტანს თუ არა „ქუჩის პოლიტიკის“ ეს კონფიგურაცია წარმატებას, ამ ეტაპზე, ოპოზიციისთვის? არ ვიცი, ვერაფრით შეძლებ კონკურენცია გავუწიო ლელა კაკულიას!“_ წერს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.