დრო
6:30-იდან 7:30-ამდე კუნთის აქტივობის პირველი პიკი. თუ სირბილს დილაობით გადაწყვეტთ, სწორედ ეს დროა იდეალური, რადგან ორგანიზმი ამ დროს ზედმეტი გადატვირთვის გარეშე ხარჯავს კალორიებს.
11:00-იდან 12:00-ამდე კუნთის აქტივობის მეორე პიკი. ეს პერიოდიც ერთ-ერთ საუკეთესო დროდ ითვლება სირბილისთვის. განსხვავება კი მხოლოდ ის არის, რომ ამ პერიოდისთვის ორგანიზმი უკვე სრულადაა გააქტიურებული და ინტენსიურად წვავს კალორიებს, რაც შედარებით მეტ დატვირთვას მოითხოვს.
16:00-იდან 18:00-ამდე კუნთების აქტივობის მესამე პიკი. ამ დროს ორგანიზმი ხარჯავს იმ კალორიებს, რომლებიც დაგროვილია ცხიმოვან ქსოვილში, რაც ხელს უწყობს დასუსტებას.
სასურველია, ირბინოთ ცარიელ კუჭზე. ჭამიდან, მინიმუმ, ორი საათის შემდეგ, რადგან ასეთ დროს ნახშირწყლების უმეტესობა უკვე დახარჯულია, რის გამოც უფრო სწრაფად ხდება ცხიმების დაშლა და შესაბამისად, სწრაფადაც დაიკლებთ.
სირბილის ტემპი და ინტენსიურობა
ორგანიზმი ენერგიას სირბილის პირველ 40 წუთში ხარჯავს. ამ დროს ხდება ნახშირწყლების დაწვა. ხოლო 40 წუთის შემდეგ უკვე იწყება ცხიმების დაშლა, რომელიც უფრო მეტ ენერგიას საჭიროებს. ამიტომ გახსოვდეთ, რომ საჭიროა ირბინოთ არანაკლებ ერთი საათისა და მინიმუმ 3-ჯერ კვირაში.
იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაწვათ კალორიები და დაიკლოთ წონაში, ირბინეთ ჩქარი და ნელი ტემპის მონაცვლეობით. ასეთ შემთხვევაში, გადაღლის გარეშე, საათში 350-500 გრამს მოიკლებთ.
პოზა
სირბილისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს პოზა წარმოადგენს. სასურველია, თავი გეჭიროთ სწორად, მხრები მოშვებული, ხელები იდაყვებში მოხრილი, ტერფი კი დადგით ჯერ ქუსლზე და შემდეგ გადადით ცერზე.
სუნთქვა
ისუნთქეთ ცხვირით და ნახევრად ღია პირით – სირბილის დაწყებისას ღრმად და იშვიათად, აჩქარებისას კი სუნთქვაც გაახშირეთ. სუნთქვის თვლა შემდეგნაირია: 2-3 ნაბიჯზე შესუნთქვა და 2-3 ნაბიჯზე ამოსუნთქვა.
სამოსი
სპორტული სამოსი უნდა იყოს თავისუფალი და არ უნდა ზღუდავდეს მოძრაობას. სასურველია, ზაფხულში ატაროთ ღია ფერის სამოსი, რათა არ მიიზიდოთ მზის ზედმეტი ენერგია. ცივ და ქარიან ამინდში ეცადეთ, ჩაიცვათ შედარებით თბილად.
განსაკუთრებული ყურადღება კი ცივ ამინდში კისრისა და თავის მიდამოს მიაქციეთ, რადგან ზუსტად ამ მიდამოებზე მოდის სხეულის სითბოს 40%-ის დაკარგვა.
სითხის მიღება
სირბილის დროს აუცილებელია სითხის მიღება, რადგან ამ დროს ორგანიზმი ხარჯავს 4-ჯერ მეტ სითხეს, ვიდრე ზოგადად. ამიტომ არ დაგავიწყდეთ, სირბილის დროს ყოველთვის თან იქონიოთ სასმელი.