26 თებერვალს ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ სხდომა, მისი თქმით, სასიამოვნო ინფორმაციით დაიწყო.
_ ჩვენი საკრებულოს წევრმა ქალბატონებმა წარმატებით გაიარეს ლიდერ ქალთა სკოლა. მინდა, ეს წარმატება მივულოცო და გადავცე სერტიფიკატები, _ თქვა დავით დარჩიამ და კოლეგა ქალბატონებს: ლელა საჯაიას, ხათუნა ცერცვაძესა და მაია ზოიძეს მიულოცა პროგრამის წარმატებით დასრულება და სერტიფიკატები გადასცა.
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ტარიელ აროშიძემ საკრებულოს თხოვნით მიმართა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მოსმენის შემდეგ, განცხადებით გამოსვლა სურდა, რაზეც თანხმობა განუცხადეს.
სხდომა ჩვეულებრივად წარიმართა _ საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელეს.
პირველი და მეორე საკითხი ეხებოდა ფრაქციის დაშლას და შექმნას, რაზეც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ეროდი გორდელაძემ ისაუბრა:
_ ფრაქცია “ქართული ოცნება _ მწვანეების” დაშლის თაობაზე, კომისიის სხდომაზე ვიმსჯელეთ, მოვისმინეთ საუბარი და საკითხი განხილულია. ახლა ახალი ფრაქციის _ “ქართული ოცნება _ ძლიერი თვითმმართველობის” შექმნის თაობაზე უნდა მოგახსენოთ _ მხოლოდ ცნობად მიღებაა დარჩენილი, რაზეც თქვენი თანხმობაა საჭირო, _ მიმართა მან საკრებულოს წევრებს.
საკრებულოს წევრები დაეთანხმნენ, ცნობად მიიღეს ინფორმაცია ფრაქცია ” ქართული ოცნება _ მწვანეების” დაშლისა და ახალი ფრაქციის _ “ქართული ოცნება _ ძლიერი თვითმმართველობისთვის” შექმნის თაობაზე, რომელიც ბიურომ უკვე დაარეგისტრირა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ ისაუბრა მესამე საკითხზე, რომელიც სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენას ეხებოდა.
_ წარმოგიდგენთ დადგენილების პროექტს, რომლის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის დადგენილებაა. ამ საკითხზე ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება. პროცესში გავითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია და მოხდა კორექტირება, რაზეც შენიშვნები იყო. ახლა ეს დადგენილება უნდა დამტკიცდეს. კითხვები თუ არის მოგისმენთ, _ თქვა თავაძემ.
საკრებულოს წევრი ვასილ ჩიგოგიძე ნაკვეთის ფასით დაინტერესდა.
_ ცენტრალურ ზონაში 1 კვ.მ.-ის ფასი 8,11 ლარია, შუალედურ ზონაში _ 3,74 ლარი, ხოლო ქალაქის პერიფერიულ ზონებში _ 2,49 ლარი, _ უპასუხა ლაშა თავაძემ და თქვა ისიც, რომ საბალანსო და საბაზრო ღირებულება სხვადასხვაა და აღნიშნა, რომ საბაზრო ღირებულება განისაზღვრება აუდიტის მიერ.
სხვა კითხვები აღნიშნული დადგენილების ირგვლივ არ ყოფილა და კენჭისყრა დადებითად დასრულდა.
სხდომის დასრულების შემდეგ, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ტარიელ აროშიძემ განცხადება გააკეთა და ფრაქციის სახელით ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები ასე შეაფასა:
“ფეთქებადსაშიში სიტუაცია ბოლომდე არაა აღმოფხვრილი. ყოველივე ამის მთავარ დამრტყმელ ძალად ისევ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გვევლინება. ბინძური ზრახვების მისაღწევად, ისინი სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმით აღებას და ხელისუფლების ხელში ჩაგდებას შეეცადნენ. ხელისუფლების კანონიერი და ადეკვატური ღონისძიების გახორციელების შედეგად, მათი მცდელობა დროულად აღიკვეთა. კანონის უზენაესობა ნიშნავს, ყველაფერი იყოს კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში”, _ თქვა აროშიძემ.
სხდომის ბოლოს, საკრებულოს წევრებმა მოისმინეს საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას წლის შემაჯამებელი ანგარიში.
“შემაჯამებელი ანგარიშების წარდგენა, საკრებულოს წევრის მოვალეობასთან ერთად, იმ ნდობის მანდატის შეფასებაა, რომელიც არჩევნების გზით მივიღეთ. 2020 წელი კი, რომელმაც შეცვალა არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიოს დღის წესრიგი, უამრავ გამოწვევასთან ერთად იყო ახალი შესაძლებლობები ახალი მექანიზმების, ახალ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ რელსებზე გადასვლის წელი. ჩვენ დღესაც უჩვეულო გარემოში გვიწევს საქმიანობა, ყოველდღიური ცხოვრება.
მთავარ გამოწვევად ისევ რჩება პანდემია, ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეკონომიკის აღდგენა, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე, ადგილობრივ დონეზე”, _ თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ და მოქალაქეებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მიაწოდა ინფორმაცია.
საკრებულოს თავმჯდომარემ ისაუბრა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტსა და მთავარ პრიორიტეტებზე; რეგლამენტსა და 2020 წელს შემუშავებულ სამართლებრივ აქტებზე.
მან ყურადღება გაამახვილა საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში გახორციელებულ ღონისძიებებზე, მოქალაქეებთან შეხვედრების დროს დასმულ საკითხებსა და სხვადასხვა სტრუქტურებთან კოორდინირებულ მუშაობაზე:
“ხელისუფლების წყარო ხალხია, რომელიც გვანიჭებს ნდობის მანდატს და რომლის წინაშეც ვართ ანგარიშვალდებულები. ოზურგეთის მეოთხე მოწვევის საკრებულო თავისი უფლებამოსილების ბოლო წელს ითვლის, ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, წლის ბოლოს როცა ჩაგაბარებთ ანგარიშს, შეგვაფასოთ და გვითხრათ _ საკრებულომ იმუშავა ეფექტურად. ეს მეოთხე მოწვევის საკრებულოს ბოლო წელია და წლის ბოლოს უკეთეს ანგარიშს მოვისმენთ”, _ თქვა დავით დარჩიამ გამოსვლის დასასრულს.
“ხანმოკლე, თუმცა, საინტერესო სხდომა იყო შიდა და გარეშე მოვლენებზე, იმ კუთხით, რომ მოვისმინეთ საკითხები ფრაქციის დაშლა-შექმნაზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებაზე და ასევე, მოვისმინეთ საკრებულოს თავმჯდომარის საკმაოდ კარგი ანგარიში”, _ ამბობდნენ დეპუტატები.
ეროდი გორდელაძემ საკრებულოს წევრთა სახელით, მადლობა გადაუხადა დავით დარჩიას და უსურვა, “არა მხოლოდ ამ წლის დასასრულს, არამედ მომდევნო წლების ბოლოსაც მიცემოდეს საუკეთესო ანგარიშების წარდგენის შესაძლებლობა”.