4 მარტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული ათი საკითხი განიხილეს. უმეტესობა დადგენილების მიღებას ეხებოდა.
საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მხოლოდ ერთ _ სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესში ცვლილებების შეტანის საკითხზე დაიწყო.
საკითხის ირგვლივ, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ ისაუბრა.
მან გამოსვლისას გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა დედებს, ყველა ქალბატონს და შემდეგ ისაუბრა დახმარების წესში ცვლილებების შესახებ:
_ ძირითადად, სამი ცვლილებაა ამ წესში. პირველი არის ის, რომ მედიკამენტებთან ერთად, მოქალაქეს საშუალება ექნება, შეიძინოს სამედიცინო დახმარების საშუალებები. ვთქვათ, თუ უნდა შეიძენს თერმომეტრს, წნევის აპარატს და ასე შემდეგ.
მეორე ცვლილება ეხება ფულადი სოციალური გასაცემლების მუხლს. დაფინანსების ქვედა ზღვარი განვსაზღვრეთ 150 ლარის ოდენობით. მესამე საკითხი კი არის ცვლილება შშმ პირების დახმარების მეხუთე მუხლში. კონკრეტულად ამ ცვლილების არსი მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნულ მომსახურებას მერია წლის განმავლობაში 25 ათასი ლარით დააფინანსებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია იტოვებს უფლებას, აღნიშნული მიმართულებით მოახდინოს მიმწოდებლის ქირით უზრუნველყოფა, _ განმარტა ირაკლი სირაძემ.
საკრებულოს წევრებმა მოიწონეს სოციალური დახმარების წესში გაუმჯობესებისკენ მიმართული ცვლილებები და ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას კენჭი დადებითად უყარეს.
მომდევნო საკითხზე, მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ, მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის წესის თაობაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ ისაუბრა:
_ საკითხი ინიცირებულია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ და შედგა შეთანხმება ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესზე, მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. საკითხი არაერთხელაა განხილული და ახლა, თუ ისევ არის კითხვები, გთხოვთ, დასვათ, _ თქვა გიორგი ღურჯუმელიძემ.
საკრებულოს წევრებს კითხვები არ დაუსვამთ. დადგენილება, საბოლოოდ, მიიღეს ნორმატიულ აქტად.
მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ლაშა თავაძემ ისაუბრა მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის და საშტატო ნუსხაში ცვლილების შესახებ.
_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია. ცვლილებები ითვალისწინებს რიგ გადაადგილებებს. კერძოდ, ეკონომიკის განვითარების სამსახურში ხდება ცვლილება _ შრომითი ბაზრის განყოფილება უერთდება ეკონომიკის სამსახურს. ცალკე იქნება ზედამხედველობის სამსახური, _ თქვა თავაძემ და ითხოვა, დაესვათ კითხვები.
საკრებულოს წევრებს არც ამჯერად გამოუთქვამთ საწინააღმდეგო აზრი. დიდი ხანია, საკითხი კომისიების სხდომებზე წარდგენილი იყო და საბოლოო სახით, ამჯერად წარმოდგენილს კენჭი უყარეს და მიიღეს დადგენილება.
ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ ისაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 2021-2022 წლებში, საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე:
_ ეს არის ქალაქ ოზურგეთში, ჯორჯიაშვილის ქუჩის I შესახვევის მოასფალტება, 571 გრძივი მეტრი; დამენიას ქუჩის მოასფალტება, 158 გრძივი მეტრი; სოფელ გაღმა დვაბზუ-დაბა ნასაკირალის I რაიონის დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია, 1890 გრძივი მეტრი და ლიხაური-მაკვანეთის დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია, 5165 გრძივი მეტრი.
საკრებულომ მოიწონა ეს პროექტები და განკარგულებაც დაამტკიცეს.
სხდომის დასასრულს, პროექტის _”ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (Links)” _ პრეზენტაცია გაიმართა.
ორგანიზაცია “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” წარმომადგენელებმა საკრებულოს წევრებს პროექტის დეტალები გააცნეს.
პროექტი მიზნად ისახავს ცოდნის, უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდას რეგიონში.
_ თქვენ ყველაზე უკეთ შეგიძლიათ დახმარება ამ საქმეში, რადგან აქ არიან არჩეული დეპუტატები, რომლებსაც სისტემატური ურთიერთობა აქვთ მოსახლეობის წარმომადგენლებთან. ეს პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დასაქმების საქმეში. სწორედ ახალგაზრდების და თქვენი მხარდაჭერის გარეშე, შეუძლებელია ამ პროექტის გახორციელება. გურია შეირჩა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი რეგიონი. პროექტის მიზანია, გურიის რეგიონში ქალების და კაცების შრომისუნარიანობის ამაღლება. განიხილება სპეციფიური სფეროები, სადაც ადამიანები შეძლებენ დასაქმებას, _ თქვა “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” წარმომადგენელმა ნონა სადრაძემ.
საკრებულოს წევრებმა დასვეს კითხვები, შეზღუდული იქნება თუ არა კონტიგენტი. სადრაძემ უპასუხა, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე ამ პროექტისა სწორედ ის არის, რომ მონაწილეების რაოდენობა შეზღუდული არ იქნება.
დიალოგისას ისაუბრეს სხვადასხვა საჭირო, აუცილებელი პროფესიების შესახებ, რომლის კვალიფიკაციის მქონე ადამიანები სოფლებში აღარ არიან.
საკრებულოს წევრებმა სრული მხარდაჭერა აღუთქვეს და გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მოსახლეობის ინფორმირებაში აქტიურად დაეხმარებიან:
“მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღოს ინფორმაცია პროექტის შესახებ, რათა ისარგებლონ ყველა იმ შესაძლებლობით, რასაც აღნიშნული პროგრამა დასაქმების ხელშეწყობის, ცოდნისა და უნარების გაღრმავების მიზნით გვთავაზობს”, _ თქვეს სხდომაზე.
საკრებულოს სხდომაზე განიხილეს კიდევ ერთი ნორმატიული აქტის პროექტი, რომელზედაც საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო _ ეს იყო მერიის ზედამხედველობის სამსახურში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცება.
სხდომის დასასრულს, საკრებულომ ცნობად მიიღო ინფორმაცია საკრებულოს წევრების მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშების წარდგენის თაობაზე.
მოსმენა 17 მარტს დაიწყება.